შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების პირადი ნივთებისა და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ მომზადებული ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“, „ჰაშიში“ და „ოპიუმი“. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად განკუთვნილი მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების გაყიდვით მიღებული თანხა.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. აღნიშნული მოქმედება ფარულად, აუდიო-ვიდეო ჩაწერის გამოყენებით განხორციელდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
შსს-ს განცხადებით, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.