უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის ფარგლებში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის გამართვის იდეას მიესალმება.

ზელენსკის განცხადებით, G20-ის ფორმატი დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და შესაძლოა, სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად კონკრეტული შედეგების მიღწევა გახდეს შესაძლებელი.

„მიმაჩნია, რომ „დიდ ოცეულთან“ დაკავშირებით ეს ამერიკული მხარის, პრეზიდენტი ტრამპის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. ვფიქრობ, ეს პოტენციური შესაძლებლობაა რეალური შედეგების მისაღწევად სამმხრივი შეხვედრის ჩასატარებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამიტზე ევროპულ ქვეყნებთან ერთად ჩინეთის, ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მონაწილეობა მოლაპარაკებებისთვის შესაბამის გარემოს ქმნის.

„ჩემი აზრით, ეს ისეთი ატმოსფეროა, სადაც შედეგის მიღწევა შესაძლებელია. თუ ასეთი ფორმატი და შესაბამისი შეთანხმება მიღწეული იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, უკრაინა ამას მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვია.