რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს დრონი ჩამოვარდა. საფრენი აპარატი სუჩავის ჟუდეცში, ქალაქ სოლცას მახლობლად მდებარე ტყეში იპოვეს. ინფორმაციას Digi24 ავრცელებს.

ინციდენტის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის ოთხ დასახლებაში სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საფრენი ობიექტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით ოთხი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. დრონის ჩამოვარდნას ხანძარი, მსხვერპლი ან მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია.

უკრაინა-რუმინეთის საზღვართან დრონების აქტივობის გამო, 24 სექტემბრის ღამეს რუმინეთში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ტულჩის ჟუდეცის ჩრდილოეთ ნაწილში ვითარების მონიტორინგისთვის ესპანეთის საჰაერო ძალების ორი F-18 ტიპის ავიაგამანადგურებელი აფრინდა.

ამავე დილით დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს მოლდოვის საჰაერო სივრცეც. მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ სულ მცირე ოთხი შემთხვევა დაადასტურა, მოგვიანებით კი მეხუთე ინციდენტის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.