აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს თეთრ სახლში სახელმწიფო ვახშამზე უმასპინძლა. ორივე ლიდერმა ისაუბრა მათი ურთიერთობის ახალ ეტაპზე და განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

ვახშამს ესწრებოდნენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ტრამპის ადმინისტრაციის წევრები და ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები.

სტუმრების მისვლისას თეთრი სახლის ჭიშკართან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს.

ტრამპმა და სიმ დადებითი შეფასებებიგაცვალეს, თუმცა ექსპერტების თქმით, დღემდე გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

ვახშამი ვაშინგტონში სი ძინპინის სამდღიანი ვიზიტის მეორე დღეს გაიმართა.

ტრამპი სი ძინპინს: „ერთმანეთს ასე კარგად არასდროს ვუგებდით.“

თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე სადღეგრძელოს წარმოთქმისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ამერიკაში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათ შორის ურთიერთობა მტკიცეა.

„ერთმანეთს ასე კარგად არასდროს ვუგებდით“, — განაცხადა ტრამპმა.

თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე დონალდ ტრამპმა აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას მან დაგეგმილი ტექსტიდან გადაუხვია და თეთრ სახლში მიმდინარე საბანკეტო დარბაზის მშენებლობაც ახსენა.

ტრამპმა თქვა, რომ სი ძინპინსა და მის მეუღლეს, როგორც „განსაკუთრებულ საჩუქარს“, შეეძლოთ პირველებს დაეთვალიერებინათ დარბაზი, რომლის დასრულებამდეც დაახლოებით ერთი წელია დარჩენილი.

„თუ ვინმეს სურს სუფთა და მოვლილი სამშენებლო მოედნის დათვალიერება, ჩვენთვის პატივი იქნება მათი მასპინძლობა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სი ძინპინს ასევე გადასცა თეთრი არწივის ქანდაკება. ტრამპის თქმით, ამერიკის ეროვნული სიმბოლო „ამერიკის თავისუფალ და შეუზღუდავ სულს“ განასახიერებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ქანდაკებას პეკინში შესაფერის ადგილს მიუჩენენ და დასძინა, რომ მის დიზაინზე მუშაობაში თავად და პირველი ლედი მელანია ტრამპიც მონაწილეობდნენ.

სი ძინპინმა თეთრ სახლში მიღებისთვის მასპინძლებს მადლობა გადაუხადა

„ჩვენ მიმართ გამოჩენილმა ყურადღებამ და მზრუნველობამ თავი მართლაც შინ გვაგრძნობინა“, – განაცხადა სიმ.

სი ძინპინი: ჩინეთი და აშშ ურთიერთობებში ისტორიას ქმნიან

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე განაცხადა, რომ ის და დონალდ ტრამპი ორმხრივ ურთიერთობებში „ისტორიას ქმნიან“.

„შევთანხმდით, ავაშენოთ ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონსტრუქციული ურთიერთობა, რომელიც სტრატეგიულ სტაბილურობას დაეფუძნება“, – თქვა სიმ. მისი განცხადებით, ლიდერებს შორის გულწრფელი და სიღრმისეული საუბარი გაიმართა, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გააძლიერებს.

ტრამპის მსგავსად, სი ძინპინმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნების საერთო ისტორიასა და კულტურულ კავშირებზე. მისი თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში „სისხლითა და ცეცხლით გამოიჭედა“, მოგვიანებით კი რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციის პერიოდში ე.წ. „პინგპონგის დიპლომატიამ“ განავითარა.

სიტყვის დასასრულს სიმ განაცხადა, რომ ჩინეთისა და აშშ-ის მიზნებს ერთმანეთის გაძლიერება შეუძლია. მან ორივე მხარეს მოუწოდა, მოძებნონ ახალი გზა, რომლითაც დიდი სახელმწიფოები თანაცხოვრებას შეძლებენ.

ილონ მასკი თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამს დაესწრო

თეთრ სახლში სი ძინპინის პატივსაცემად გამართულ სახელმწიფო ვახშამს SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკიც ესწრებოდა.

BBC-ის კორესპონდენტის აღწერით, დარბაზში შესვლისას მასკი მაგიდასთან იდგა და, როგორც ჩანდა, ამბავს ჰყვებოდა, რომელზეც მის გვერდით მყოფ ორ ადამიანს გულიანად ეცინებოდა.

თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამს აშშ-ის ადმინისტრაციის წევრები, ტრამპის ოჯახის წარმომადგენლები და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი მეუღლესთან ერთად, ჯარედ კუშნერი და მონიკა კროული. ვახშამს ასევე ესწრებოდნენ ტრამპის შვილები – ივანკა, ერიკი და ტიფანი.

ტექნოლოგიური სექტორიდან მიწვეულთა შორის იყვნენ Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი, OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ალტმანი, Google-ის ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი და ილონ მასკი. კუკი, ჰუანგი და მასკი ტრამპსა და სი ძინპინთან ერთად ერთ მაგიდასთან ისხდნენ.

ვახშამს ესწრებოდნენ General Motors-ის, Visa-ს, Paramount Skydance-ისა და ExxonMobil-ის ხელმძღვანელებიც, ასევე მარკ ცუკერბერგი და TikTok-ში წილის მფლობელი ამერიკელი მილიარდერი ჯეფ იასი.

„იქ ყოფნა ყველას სურდა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ტექნოლოგიური და საბანკო სამყარო იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა ტრამპმა ღონისძიების დაწყებამდე.

რა კერძები შესთავაზეს სტუმრებს თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე

სი ძინპინის პატივსაცემად გამართულ სახელმწიფო ვახშამზე სტუმრებს ამერიკული ინგრედიენტებითა და ჩინური სამზარეულოს მსუბუქი გავლენით შექმნილი მენიუ შესთავაზეს. ღონისძიება პირველი ლედის, მელანია ტრამპის ოფისმა დაგეგმა.

პირველ კერძად მიართვეს ყვითელი ყაბაყი, ველური სოკო და ხრაშუნა პანჩეტა. სუფრებს წითელი გადასაფარებლები ამშვენებდა – ჩინურ კულტურაში წითელი ფერი იღბალსა და კეთილდღეობას უკავშირდება.

მთავარი კერძი იყო სეზამის ქერქში მომზადებული ზღვის ქორჭილა, ჩაშუშული ბოკ ჩოი და შემწვარი ბადრიჯანი. დესერტად სტუმრებს ვანილის კრემეული და მჟავე ალუბლის კონფი მიართვეს, ასევე ნაყინი, რომელიც  თაფლით იყო დამზადებული.

პირველი ლედის მიერ შერჩეულ ღვინოებს შორის იყო Schramsberg Blanc de Noirs. არჩევანი 1972 წლის ისტორიულ ვახშამს უკავშირდებოდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა და ჩინეთის პრემიერმა ჯოუ ენლაიმ „მშვიდობის სადღეგრძელო“ იმავე მეღვინეობის ღვინით შესვეს.

ვახშამს არ ესწრებოდა ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Anthropic-ის წარმომადგენელი.

რა არის დაგეგმილი სი ძინპინის ვიზიტის ბოლო დღეს

პარასკევს დონალდ ტრამპი და სი ძინპინი მეუღლეებთან ერთად თეთრი სახლის წითელ ოთახში ჩაიზე შეიკრიბებიან. შემდეგ ისინი აშშ-ის ეროვნულ არქივს ეწვევიან და მის ექსპოზიციებს დაათვალიერებენ.

ეროვნულ არქივში ინახება შეერთებული შტატების დამფუძნებელი დოკუმენტები, მათ შორის კონსტიტუცია, დამოუკიდებლობის დეკლარაცია და უფლებათა ბილი.

სი ძინპინი და მისი მეუღლე ვაშინგტონს იმავე დღეს, მოგვიანებით დატოვებენ.