რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება და ევროპის ქვეყნებთან ვითარების ესკალაციის საფუძველი არ არსებობს.

„მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა: ჩვენ ევროპასთან რაიმე სახის საბრძოლო მოქმედებებისთვის არ ვემზადებით. ჩვენ მსგავსი გეგმები და საფუძველი არ გვაქვს, ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ევროპასთან ვითარების ესკალაციისთვის რეალური მოტივი არ არსებობს“, – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსეთის პრეზიდენტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, მათი უფლებები ირღვევა.

„ვიცით, რომ იქ რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა. თუმცა, უკვე ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ამას და მიდგომაც შევიმუშავეთ. ჩვენ ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვრეაგირებთ“, – აღნიშნა პუტინმა.