ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებს. შესაბამის წერილს 14 სენატორი აწერს ხელს.

წერილში სენატორები აცხადებენ, რომ პუტინი პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებაზე და მისი აშშ-ში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მათთვის შეშფოთების საფუძველია.

„მისი მონაწილეობა აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმ მთავრობის ლეგიტიმაციასა და ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს ყოველდღიურად აგრძელებს“, — ნათქვამია სენატორების წერილში.

მიმართვას ხელს აწერენ როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი სენატორები, მათ შორის ჯინ შაჰინი, მიჩ მაკკონელი, ჯონ კორნინი, როჯერ უიკერი და კრის კუნსი.

სენატორების წერილის თანახმად, პუტინის G20-ის სამიტზე შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით მათ ტრამპის ადმინისტრაციისგან დამატებითი განმარტებებიც მოითხოვეს.