უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.

ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ სახლებს კიევის, ზაპოროჟიეს, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში დაარტყეს. მისი განცხადებით, ორი ადამიანი ზაპოროჟიეში დაიღუპა.

თავდასხმების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც — მათ შორის, საბავშვო ბაღი კიევში და უნივერსიტეტი ხარკოვში. ზელენსკის ცნობით, დარტყმები განხორციელდა პოლტავის, ნიკოლაევისა და ვინიცის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზეც.

უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებისკენაც მოუწოდა. მისი განცხადებით, თუ მოსკოვი თავდასხმებს აძლიერებს, საერთაშორისო პასუხიც უნდა გამკაცრდეს.

ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, სრულად გამოიყენოს „ლინდსი გრემის აქტით“ გათვალისწინებული სანქციები რუსეთისა და იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც, მისი თქმით, ომის დაფინანსებაში მონაწილეობენ. მან ევროკავშირსაც დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. აღნიშნული აქტი ტრამპმა 18 სექტემბერს მოაწერა ხელი.