ირანი აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატიაა. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის მიერ წარდგენილი გეგმის უარყოფა დაადასტურა. გეგმა ჰორმუზის სრუტის გახსნასა და რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებდა.
„ჩვენი პირობები მკაფიოა და ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი დამოკიდებულია ამ პირობების შესრულებაზე. ამ ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
არაღჩის თქმით, მიუხედავად ტრამპის საჯარო განცხადებისა, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებში ჩართულ შუამავლებს ვაშინგტონის მხრიდან გეგმის ოფიციალურად უარყოფის შესახებ თეირანისთვის ჯერ არ უცნობებიათ.
„ველოდებით, რომ შუამავლები საბოლოო პოზიციას გადმოგვცემენ და გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მივიღებთ“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირანმა შეთავაზება გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში წარადგინა და აშშ-ს ყატარის შუამავლობით გადასცა. გეგმის მიხედვით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ჰორმუზის სრუტის გახსნისა და საბრძოლო მოქმედებების შეჩერების პროცესი შვიდ დღეში უნდა დაწყებულიყო.
ტრამპმა კი განაცხადა, რომ ირანის შეთავაზება უარყო. მისი თქმით, თეირანს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნაზე შეთანხმება სურს, რადგან „ისინი ძალიან მძიმედ მარცხდებიან“.