აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, რასაც წყალდიდობა, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა და სატრანსპორტო შეფერხებები მოჰყვა. სტიქია ათობით მილიონ ადამიანს ემუქრება.

„ბიბისის“ ცნობით, ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვირჯინიიდან მეინამდე ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

ბრუკლინში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ნიუ-ჯერსის სანაპირო ქალაქ სერფ-სიტიში კი ქუჩები დაიტბორა.

უამინდობის გამო ელექტროენერგია 100 000-ზე მეტ მომხმარებელს არ მიეწოდება, 3 000-ზე მეტი ავიარეისი კი გაუქმდა ან გადაიდო. შტორმის გამო გაუქმდა რამდენიმე სპორტული და გასართობი ღონისძიებაც.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სანაპირო წყალდიდობის საფრთხე რამდენიმე რეგიონშია, მათ შორის ნიუ-იორკისა და ბოსტონის სანაპირო ზონებში.