შვეიცარიაში რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომელზეც ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, ჩაიწეროს თუ არა ქვეყნის კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი და დეტალური წესები.

ინიციატივის ავტორია ასოციაცია Pro Schweiz-ი. წინადადების მომხრეები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შვეიცარიის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირსა და ნატო-ს ზედმეტად დაუახლოვდა. ინიციატივას ქვეყნის მსხვილი პოლიტიკური პარტიებიდან მხარს „შვეიცარიის სახალხო პარტია“ უჭერს.

ინიციატივის მიღების შემთხვევაში კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს „მუდმივი და შეიარაღებული ნეიტრალიტეტის“ პრინციპი. შვეიცარია ვერ შეუერთდება სამხედრო ან თავდაცვით ალიანსებს, თუ თავად არ გახდება თავდასხმის ობიექტი, ასევე შეეზღუდება მეომარ სახელმწიფოებზე დამოუკიდებლად სანქციების დაწესების შესაძლებლობა – გამონაკლისი იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციები.

შვეიცარიის მთავრობა ინიციატივას არ უჭერს მხარს. მისი პოზიციით, ნეიტრალიტეტის მოქმედმა პრაქტიკამ გაამართლა, ხოლო უფრო მკაცრი წესების კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მოქნილობას შეზღუდავს.

რეფერენდუმზე ინიციატივის მისაღებად საჭიროა როგორც ამომრჩეველთა ხმების, ისე კანტონების უმრავლესობის მხარდაჭერა.