აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  განაცხადა,  რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, შეემცირებინა რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ამას დათანხმდა.

„მე ვუთხარი: „თქვენ უფრო ფრთხილად უნდა იყოთ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებთან დაკავშირებით“. მან კი მიპასუხა: „კარგი, ალბათ ასე მოვიქცევითო“, -განაცხადა ტრამპმა.

საწვავის გაძვირების საკითხზე საუბრისას კი აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებენ“.

„სინამდვილეში, ეს ახლო აღმოსავლეთის პრობლემა არ არის. ეს უფრო რუსეთის პრობლემაა. უკრაინა რუსეთში დიზელის მწარმოებელ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს ესხმის თავს, რადგან ისინი ქვეყნის გადამუშავების მნიშვნელოვანი ნაწილის უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებელი”, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას.

ამასთან, მისივე თქმით, მსგავს ობიექტებზე თავდასხმები „გლობალურ პრობლემას ქმნის“.

„არსებობს სხვა ზომებიც, რომელთა მიღებაც მას (ზელენსკის) შეუძლია“, – აღნიშნა ტრამპმა.