სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისგან ოფიციალურ განმარტებასა და ბოდიშს ითხოვს. სეულის განცხადებით, კიევმა გაასაჯაროვა სამხრეთ კორეაში ორი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ტყვეს გადაყვანა, შემდეგ კი უარყო, რომ მხარეები ამ ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვაზე იყვნენ შეთანხმებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სონ გი ჰონის განცხადებით, უკრაინამ სეულთან ტყვეების გადაყვანის საკითხი არაერთხელ განიხილა და ინფორმაციის გასაიდუმლოებაც თავად მოითხოვა. მისი თქმით, სამხრეთ კორეა ამას ტყვეებისა და ჩრდილოეთ კორეაში დარჩენილი მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გამოც დათანხმდა.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ორი ჩრდილოეთკორეელი ტყვე სამხრეთ კორეას გადასცეს. სეულის მტკიცებით, განცხადება მასთან სათანადო წინასწარი კონსულტაციის გარეშე გაკეთდა, ხოლო კონფიდენციალურობის შეთანხმების შემდგომმა უარყოფამ ორ მთავრობას შორის ნდობა დააზიანა.

სამხრეთ კორეის ხელისუფლება დამატებითი ზომების მიღებასაც განიხილავს. უკრაინის საელჩოს სეულში ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ორი სამხედრო უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში 2025 წლის იანვარში დაატყვევა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სამხრეთ კორეაში გადასვლის სურვილი თავად გამოთქვეს.