ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო, დამატებით ათი პირისა და 17 ორგანიზაციის წინააღმდეგ დააწესა ანქციები. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, სანქციები შეეხო იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემატურ უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაყვანაზე. სანქცირებულთა სიაში არიან მოსკოვის საქალაქო ტურიზმის კომიტეტი, ბავშვთა ბანაკები და სპორტული ცენტრები რუსეთში, ასევე, ჩრდილოეთ კორეაში მდებარე სონდოვონის საერთაშორისო ბავშვთა ბანაკი. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სონდოვონის საერთაშორისო ბავშვთა ბანაკში უკრაინელი ბავშვები პრორუსული ნარატივების გავრცელების მიზნით გადაჰყავთ. სანქცირებულ პირებს შორის არის თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვიც. ევროკავშირის განცხადებით, ის ხელს უწყობდა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციას თათრეთის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკებში. სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განათლებისა და მეცნიერების მინისტრები და მათი მოადგილეები, ასევე, ბავშვთა ბანაკებისა და სკოლების ხელმძღვანელები. სანქციების ფარგლებში, აღნიშნულ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირში არსებული აქტივები გაეყინებათ. ფიზიკურ პირებს ასევე დაუწესდათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტით გადაადგილების აკრძალვა.