“ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში „ავტორიტარიზმისკენ უკუსვლა საქართველოში“ არის ნათქვამი.
„[რეზოლუცია] მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდავი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან პოლიტიკურ რეპრესიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, საარჩევნო მანიპულაციებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელში ჩაგდებაზე“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ასევე, რეზოლუცია „ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის განახლებული რეგულაციის (EU) 2018/1806 მე-8ა მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას და მოუწოდებს ევროკომისიას იმის უზრუნველყოფას, რომ ეს ზომა მიზნობრივად იქნას გამოყენებული პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ“.
„[რეზოლუცია] კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას ხელს უწყობს და რუსულ გავლენასთან მის სიმტკიცეს ასუსტებს, შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტად თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და სანდო საერთაშორისო დაკვირვებით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.