აშშ-მა სანქციები   დაუწესა   კომპანიებსა და 13 ფიზიკურ პირსა, მათ შორის რუსეთის, ჩინეთის, ჰონგკონგისა და პაკისტანის მოქალაქეებს.  ვაშინგტონის ინფორმაციით, ისინი ირანისთვის იარაღისა და მისი კომპონენტების მოპოვებაში ეხმარებოდნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტრო არ შეეგუება რეჟიმისთვის რაიმე სახის მხარდაჭერას და გააგრძელებს იმ პირებისა და ორგანიზაციების გამოვლენას, მხილებასა და იზოლირებას, რომლებიც ირანს ხელს უწყობენ, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. სანქციები დაუწესდა ორ რუსულ კომპანიას: რუსეთში მოქმედ თვითმფრინავების მწარმოებელ სააქციო საზოგადოება „ა. ს. იაკოვლევის სახელობის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროს“ და რუსეთში მოქმედ საზღვაო გადამზიდავ კომპანია შპს „მგ-ფლოტს“, რომლის გემებსაც რუსეთის მთავრობისთვის იარაღი გადააქვთ.

„როიტერის“ ცნობით, სანქციების სიაშია პეკინში მოქმედი ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სამინისტროს უწყების წარმომადგენელი, რომელიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის სახელით ჩინეთში მზა იარაღის სისტემებისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების შესყიდვას კოორდინირებდა. სანქციები ასევე დაუწესდა პაკისტანში მოქმედ ვასიმ ფაშა ტაჯამალს, რომელიც Cavalier Group-ის თავმჯდომარეა. ეს კერძო თავდაცვის კომპანია პაკისტანსა და სხვა ქვეყნებში მოქმედებს.