ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საკრებულოების შუალედურ არჩევნებს 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდება, ხოლო პროცესს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი აშუქებს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოთხივე მუნიციპალიტეტში არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება და ამომრჩევლები საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ოთხ საარჩევნო ოლქში სულ 7 უბანია გახსნილი, მათგან ოთხი – წალკაში.

წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, დანარჩენ უბნებზე კი – ტრადიციული მეთოდით.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთით სარგებლობა 50-მა ამომრჩეველმა მოითხოვა.

არჩევნებისთვის ორი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი 7 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული. დმანისში, წალკასა და ვანში კანდიდატები ჰყავთ „ქართულ ოცნებასა“ და „ძლიერ საქართველოს – ლელოს“, ხოლო ახმეტაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატია რეგისტრირებული.

ცესკოს ცნობით, კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხმის მისაცემად ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბიც — 2 51 00 51.