საფრანგეთში მიმდინარე მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, დღეს ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ შეჩერდება. ამის შესახებ საფრანგეთის განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, 400-დან 500-მდე სკოლაში უსაფრთხოების სათანადო პირობები უზრუნველყოფილი არ არის. მისივე ინფორმაციით, საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 24 სკოლა „დაიწვა ან გაიძარცვა“.

აქციების ორგანიზატორები პროტესტის გაგრძელებას სამშაბათსაც გეგმავენ. მათი განცხადებით, ამის მიზეზი მთავრობის მხრიდან კონკრეტული ზომების არარსებობაა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ კვირას სამოქმედო გეგმა წარადგინა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, სკოლებში კადრების დეფიციტის აღმოფხვრა პრიორიტეტად აქციოს.

პრემიერ-მინისტრმა რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრაც დანიშნა, რომელზეც ქვეყნის მასშტაბით ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სასკოლო შენობების განახლების საკითხს განიხილავენ.

საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. დემონსტრანტები სკოლების არასაკმარის დაფინანსებას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა დაახლოებით 85% არასრულწლოვანია.