უკრაინის მიერ განხორციელებული შორ მანძილზე დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.
უწყების ინფორმაციით, შესაბამისი შეფასება დაზვერვის, გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკოსების მონაცემებს ეყრდნობა.
„მტრის სიმძლავრის ნახევარზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული. ეს არის კარგად გააზრებული, დაგეგმილი და სისტემური ქმედებების შედეგი, რომლებიც მიმართულია რუსეთის სამხედრო მანქანის გამოფიტვისა და მისი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევგენი ხმარამ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დარტყმების შედეგად დაზიანებულ ობიექტებს შორისაა მოსკოვის, იაროსლავლის, კინეფის, უსტ-ლუგის, პერმის, ილსკის, სარატოვისა და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51%-ის დაზიანება გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკასა და სამხედრო ძალების მომარაგების შესაძლებლობებზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემები დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.