სანამ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება შეუძლებელია, რუსეთი „მთელი ძალით იბრძოლებს“, — ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რა თქვა პუტინმა? ჩვენ გვინდა მშვიდობა და ჩვენთვის მისი მშვიდობიანი გზით მიღწევა უფრო სასურველია. მაგრამ სანამ ეს შეუძლებელია, ვიბრძოლებთ, მთელი ძალით ვიბრძოლებთ“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შეეხო და თქვა, რომ რუსეთი მზად არის ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიის უმცირესი ნაწილისთვისაც იბრძოლოს.

„თუნდაც ნახევარი პროცენტი იყოს, თუნდაც პროცენტის ერთი მეასედი. ეს რუსეთის ფედერაციაა. აქ განსახილველი არაფერია“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ამჟამად დონეცკის ოლქის ტერიტორიის დაახლოებით 11%-ს აკონტროლებს. მისი მტკიცებით, რუსული ძალები დანარჩენ ტერიტორიაზე კონტროლს „იმაზე სწრაფად დაამყარებენ, ვიდრე უკრაინასა და ევროპას წარმოუდგენიათ“.

უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ და უკანონოდ ანექსირებულ ტერიტორიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს.