შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა. გადაწყვეტილება ბაზის წინააღმდეგ სავარაუდო ტერორისტული შეთქმულების გამო უსაფრთხოების შეშფოთების ფონზე მიიღეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ლონდონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე RAF Fairford-ის ბაზაზე 12 ამერიკული B-1 ბომბდამშენი იყო განლაგებული. აღნიშნული თვითმფრინავები აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების დროსაც გამოიყენებოდა.
„ოპერატიული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენი სამხედრო რესურსებისა და ძალების გადაადგილებას რეალურ დროში ვერ ვადასტურებდით, თუმცა ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ RAF Fairford-ზე განლაგებული ყველა ამერიკული ბომბდამშენი შეერთებულ შტატებში, საკუთარ ბაზებზე დაბრუნდა“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა.
Wall Street Journal-ის ცნობით, ბომბდამშენების გაყვანა ავიაბაზის წინააღმდეგ სავარაუდო ტერორისტული შეთქმულების გამო გაჩენილ უსაფრთხოების შეშფოთებას უკავშირდება.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს აქვს „მტკიცე ნიშნები“, რომლებიც სავარაუდო შეთქმულებაში ირანის მონაწილეობაზე მიუთითებს.
თეირანი ბრალდებებს უარყოფს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანში ბრიტანეთის ელჩიც დაიბარა.