„გავრცელებულ კადრებში სექსუალური ძალადობა არ ჩანს. რა თქმა უნდა, იბრალებს“, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
გაბუნიას შეფასებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დავითაძის მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას არ ადასტურებს.
„საზოგადოებამ ნახა ვიდეოკადრები, იხილა ის, რომ მსჯავრდებული, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, იტყუება. მას ჰქონდა იმედი, რომ ეს ვიდეოკადრები არ იარსებებდა, წაშლილი იყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებში ძალადობის ფაქტი არ ჩანს.
„თქვენ ნახეთ ძალადობა? გავრცელებულ კადრებში სექსუალური ძალადობა არ ჩანს. რა თქმა უნდა, იბრალებს. მე მგონი, ყველას გვაქვს ორი თვალი და შეფასების უნარი“, – აღნიშნა მან.
გიორგი დავითაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში ბადრაგების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი მტკიცებით, მომხდარი ვიდეოკამერებზე უნდა იყოს ასახული.
სპეციალური პენიტენციური სამსახური დავითაძის ბრალდებას უარყოფს და მას დეზინფორმაციას უწოდებს. უწყების განცხადებით, მსჯავრდებულის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავითაძემ სამეთვალყურეო კამერის წინ გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა. უწყების ცნობით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც მსჯავრდებულმა უარი განაცხადა.