თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს და პარტნიორობა „სიმართლესა და სამართლიანობას“ ეფუძნებოდეს.
კალაძე ამ განცხადებით „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსისა“ (ALDE) და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ ერთობლივ მიმართვას გამოეხმაურა. ორგანიზაციები ევროკავშირს საქართველოში „რეპრესიებსა და დემოკრატიის სისტემურ შერყევაზე“ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
„ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან არ შემოგვხედოს და არ გაბრაზდეს იმაზე, ქვეყანა ევროპულ სანქციებს რომ არ მიუერთდა და არ დააზარალა საკუთარი ეკონომიკა. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოწოდებები ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების ნაწილია. მისი თქმით, შესაძლო პერსონალური სანქციები ხელისუფლების პოლიტიკას ვერ შეცვლის.
„რაც შეეხება პერსონალურ დასანქცირებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამით ვერავინ შეგვაშინებს. მთავარია, გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რითიც შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა კალაძემ.
ALDE-სა და ევროპული ლიბერალური ფორუმის წარმომადგენლებმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს მიმართეს და საქართველოსთან დაკავშირებით მიზნობრივი სანქციების დაწესება მოითხოვეს.