იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, შესაბამისი სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული.
მინისტრის თქმით, საქმესთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერები პროკურატურას აქვს და საბოლოო შეფასება სწორედ გამოძიებამ უნდა გააკეთოს.
„ჩანაწერები აქვს პროკურატურას, რომელიც იძიებს საქმეს და როცა გვექნება შედეგი, მაშინ შეგვეძლება ვისაუბროთ იმაზე, გამოიკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა. თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ყველა კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს“, — განაცხადა სალიამ.
მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე გასაჯაროებული მასალებით დავითაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები არ დასტურდება. ამასთან, მინისტრის თქმით, გამოძიებამ უნდა შეაფასოს, იყო თუ არა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოყენებული ძალა პროპორციული და საჭირო.
სალიას განცხადებით, პატიმრის მიერ შინაგანაწესისა და კანონით გათვალისწინებული პროცედურებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პენიტენციურ სამსახურს კანონით დაშვებული იძულების მექანიზმების გამოყენების უფლება აქვს.
„მთავარია, პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების უფლებები, მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება იყოს დაცული. […] ბრალდებას სჭირდება დადასტურება. დადასტურებას ვერც ჟურნალისტები და ვერც მე, მინისტრი მოვახდენთ, ეს უნდა მოახდინოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ“, — აღნიშნა მან.
გიორგი დავითაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში ბადრაგების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დავითაძის მიმართ არც სექსუალურ და არც სხვა სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
მოგვიანებით უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავითაძემ სამეთვალყურეო კამერის წინ გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა მსჯავრდებულმა უარი განაცხადა.