მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი ავრცელებს.
მისი განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ვორობიოვის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ოლქის 16 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში 185 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
თავდასხმის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დამხმარე და სამეურნეო ნაგებობები, ასევე ავტომობილები.