პოლონეთი უკრაინასთან მოსაზღვრე ლუბლინის რეგიონში სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას გეგმავს. რეგიონში ახალი სამხედრო დანაყოფების შექმნა და დამატებითი შეიარაღების, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებაა დაგეგმილი.
ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
„რამდენიმე კვირის წინ Patriot-ის ბატარეების ლუბლინის რეგიონში განთავსების გადაწყვეტილება მივიღე. ვაპირებ მოვინახულო იქ დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რეგიონის თავდაცვას უზრუნველყოფენ. ეს Patriot-ის ბატარეების ლუბლინის ტერიტორიაზე განთავსების პირველი შემთხვევაა“, – განაცხადა მინისტრმა.
კოსინიაკ-კამიშის ინფორმაციით, ლუბლინის რეგიონში პოლონეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაც გაფართოვდება. დაგეგმილია ახალი მექანიზებული ბრიგადის, უპილოტო სისტემების ბრიგადის, ბატალიონისა და დამატებითი საჰაერო თავდაცვის დანაყოფის შექმნა.
გეგმის მიხედვით, მე-18 მექანიზებული დივიზიის დანაყოფები ბილგორაის მიმართულებით გაძლიერდება, ხოლო ლუკუვში უპილოტო სისტემების ქვედანაყოფი შეიქმნება. სვიდნიკში იგეგმება არმიის ავიაციის ვერტმფრენების ბაზის განვითარებაც. ასევე გაფართოვდება სობეშინში არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა. ლუბლინის აეროპორტიც გამოყენებული იქნება სახმელეთო ძალების ვერტმფრენებისთვის.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები ლუბლინის რეგიონის თავდაცვის შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.