საფრანგეთში დღეს სკოლის მოსწავლეთა და მათი მხარდამჭერების მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. ორგანიზატორები დემონსტრაციების ქვეყნის მასშტაბით გამართვისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას.
BBC-ის ინფორმაციით, მოსწავლეები განათლების სფეროსთვის დაფინანსების გაზრდასა და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ბოლო დღეებში საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა ასობით სასწავლებელი დაბლოკეს.
აქციებისა და სამართალდამცავებთან დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 190 მოსწავლე დაშავდა, 5 000-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ორშაბათს მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა მოსწავლემ ხელი დაკარგა, გასულ კვირას კი კიდევ ერთ მოზარდს თავში ცრემლსადენი გაზის ყუმბარა მოხვდა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მოსწავლეთა მოთხოვნებზე რეაგირებისთვის შესაბამისი ზომები უკვე დააანონსა. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, Union Syndicale Lycéenne, ხელისუფლების პოზიციას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მთავრობას „არაფერი კონკრეტული“ არ შეუთავაზებია.
ორგანიზატორებმა მოქალაქეებს დღევანდელ დემონსტრაციებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. მოსწავლეთა პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვა ორგანიზაციებმაც. მასწავლებელთა პროფკავშირმა SNES-FSU-მ საკუთარ წევრებს ასევე მოუწოდა, დაგეგმილ აქციებს შეუერთდნენ.