აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ლიეტუვაში ამერიკული მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს.

ტრამპმა ამის შესახებ თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ლიეტუვის მიერ შეთავაზებულ ინიციატივაზე ჰკითხეს.

„ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ. ლიეტუვაში ბევრ ადამიანს ვიცნობ. ისინი შესანიშნავი ხალხია“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს აშშ-ში ვიზიტისას ამერიკულ მხარეს ქვეყანაში მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნის შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა. მინისტრის თქმით, ვილნიუსი მუშაობას გააგრძელებს, რათა საკითხი განხილვის საგანი გახდეს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამჟამად ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში როტაციული პრინციპით მსახურობენ. ოქტომბრის ბოლოს ქვეყანაში ორი ამერიკული ბატალიონის ჩასვლაა დაგეგმილი, რის შემდეგაც აშშ-ის სამხედროების რაოდენობა კვლავ ათასზე მეტი იქნება.