ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 50 წლის კრისტა პაიკი გონს მოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, პაიკს ჯერ კიდევ სჭირდება სამედიცინო მკურნალობა, საავადმყოფოში კი ის „ხელბორკილებითა და ჯაჭვებით საწოლზეა მიჯაჭვული“. გასულ კვირას პაიკს სასიკვდილო ინექცია ორჯერ გაუკეთეს, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე უგონოდ იყო, ვიდრე ექიმები მის ორგანიზმს ინექციით შეყვანილი ნივთიერებისგან წმენდდნენ. ექსპერტებისა და დაცვის მხარის თქმით, ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. როგორც „ბიბისი“ წერს, ჯერ დაკონკრეტებული არ არის, ეცდებიან თუ არა პაიკის სიკვდილით დასჯას ხელახლა. შტატის გუბერნატორმა წლის ბოლომდე ყველა სიკვდილით დასჯა შეაჩერა, ციხეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კი გასულ შაბათ-კვირას განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს. კრისტა პაიკის ადვოკატები გუბერნატორს სთხოვენ, სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალოს. საქმეს დღეს ნეშვილის სასამართლო განიხილავს. ცნობისთვის, პაიკს 1996 წელს მიესაჯა სასიკვდილო განაჩენი 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის. გამოძიების ინფორმაციით, 1995 წელს, 18 წლის ასაკში, მან და მისმა შეყვარებულმა, ტადარილ შიპმა, სლემერი სასტიკად სცემეს, აწამეს და მოკლეს.