საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები და თანდართული აუდიოჩანაწერები გახდა.
განმცხადებლების მტკიცებით, ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული კომპანიების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან დაკავშირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული.
ამავე განცხადებების თანახმად, ყეინიშვილი ცდილობდა ერთ-ერთი რეგულირებული საწარმოს წილის შეძენას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
პროკურატურის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობას უკრძალავს. ამასთან, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ საფინანსო სექტორის წარმომადგენელი კომპანიის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო საქმიანობის გარემოებები შეისწავლება, შედეგების შესახებ კი საზოგადოებას დამატებით ეცნობება.