ბიძინა ივანიშვილის განცხადება კორუფციული გამოწვევების გადალახვის შესახებ – პროცესის დასასრული თუ გუნდის დამშვიდების მცდელობა? „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირება არ დასრულებულა. „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში ის შესაძლო ახალ დაკავებებზე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საფრთხესა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ინტერვიუზე მუშაობდა ჟურნალისტი ლევან ჭითანავა.

— ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები სრულად გადალახულია. რატომ დასჭირდა მას ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი სწორედ ახლა?

— ჩემი შეფასებით, ეს იყო საკუთარი გუნდის დამშვიდების მცდელობა. მე ამ ჯგუფს პოლიტიკურ გუნდად არ მივიჩნევ — მას კრიმინალურ გაერთიანებად ვაფასებ, სადაც დაპირისპირება სახელმწიფოებრივ საკითხებსა და იდეებს კი არა, გავლენებსა და ფულის განაწილებას უკავშირდება.

როდესაც გუნდის რამდენიმე წევრი დააკავეს, ბუნებრივია, დანარჩენებშიც გაჩნდა შფოთვა. საჭირო გახდა ივანიშვილის გამოსვლა და გზავნილი, რომ საფრთხემ გადაიარა და მათი მდგომარეობა დაცულია.

რამდენად შეასრულებს ამ დაპირებას, სხვა საკითხია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მას არ სურს ზედმეტი დაძაბულობა, რომელმაც შესაძლოა განხეთქილება გამოიწვიოს და თავადაც დააზარალოს.

— ანუ დაკავებების პროცესის გაგრძელებას ელით?

— დიახ. ჩემი აზრით, ასეთი მმართველობის შიგნით დაძაბულობა მუდმივად იარსებებს.

როდესაც გუნდის ერთიანობა საერთო ინტერესებსა და ერთმანეთის შესახებ არსებულ ინფორმაციაზეა აგებული, სისტემიდან გასვლის მცდელობას შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვეს. ეს ერთგულების შენარჩუნების საშუალებად იქცევა.

ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ერთი განცხადებით პროცესი დასრულდება. მიზეზები, რომლებიც დაპირისპირებას წარმოშობს, კვლავ არსებობს.

— როგორ აფასებთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს? რატომ გააქტიურდა ეს საკითხი ახლა?

— ამას მხოლოდ რამდენიმე პარტიის პრობლემად არ უნდა შევხედოთ. ჩემთვის ეს სახელმწიფოებრივი საკითხია.

ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია დამოუკიდებლობა და დემოკრატიული მმართველობა. დემოკრატიის პოლიტიკური საფუძველი კი მრავალპარტიულობაა — მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნების გზით აირჩიონ და შეცვალონ ხელისუფლება.

თუ რეალური პოლიტიკური კონკურენცია გაუქმდება, ქვეყნის მომავალს ხალხის ნაცვლად მუდმივად ერთი ჯგუფი განსაზღვრავს. მე ამას კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად ვაფასებ.

ამასთან, ჩემი აზრით, ხელისუფლების მოქმედებები მოსკოვზე დამოკიდებულებას აძლიერებს. ამიტომ საფრთხეს ვხედავ როგორც დემოკრატიული მმართველობისთვის, ისე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

— ხელისუფლება წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ქმედებებზე მიუთითებს. სად გადის ზღვარი ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და პარტიის აკრძალვას შორის?

— თუ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა დანაშაული ჩაიდინა, პასუხი კონკრეტულმა ადამიანმა უნდა აგოს. ეს თავისთავად მთელი პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ გახდება.

პარტიის აკრძალვის საკითხს სხვა სიმძიმე აქვს. აქ საუბარი უნდა იყოს თავად ორგანიზაციის მიზნებსა და საქმიანობაზე, კონსტიტუციურ წესრიგთან მათ შესაბამისობაზე.

ჩემი შეფასებით, ხელისუფლება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხს მთელი პოლიტიკური სივრცის კონტროლისთვის იყენებს. შედეგად, მოქალაქეებს ეზღუდებათ პოლიტიკური არჩევანი.

— რამდენად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებამ პროცესი ბოლომდე მიიყვანოს? შეიძლება ნაწილი აკრძალოს და ნაწილი დატოვოს?

— განხილვის დაჩქარება აჩენს განცდას, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად მზადყოფნა აქვს. თუმცა საბოლოოდ რას გააკეთებენ, ჩემი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკურ გათვლაზე იქნება დამოკიდებული — კონკრეტულ მომენტში რას ჩათვლის მისთვის სასარგებლოდ.

შეიძლება ნაწილი აკრძალონ, ნაწილი დატოვონ, ან პროცესი გარკვეული დროით შეაჩერონ. მაგრამ მთავარი პრობლემა უცვლელია: თუ ხელისუფლება პარტიების აკრძალვას მისთვის არასასურველი კონკურენტების ჩამოსაშორებლად გამოიყენებს, ეს საფრთხე მომავალში სხვებსაც შეეხება.

ამიტომ მხოლოდ იმაზე მსჯელობა, კონკრეტულად რომელი პარტია გადარჩება, საკითხის არსს ვერ პასუხობს.

— როგორ შეაფასებდით ამ ვითარებაში ოპოზიციის მდგომარეობას?

— ოპოზიციას იმავე საზომით ვერ შევაფასებთ, რომლითაც დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედ პარტიებს ვაფასებთ. როდესაც რეპრესიული მექანიზმები მოქმედებს, პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობაც შეზღუდულია.

ამასთან, ოპოზიციაზე საუბრისას საზოგადოებაც უნდა ვიგულისხმოთ. პარტია მოქალაქეების ინტერესებს წარმოადგენს. პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა საბოლოოდ ხალხის ჩამოშორებას ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღებისგან.

რა მდგომარეობაშიც საზოგადოებაა, იმავე მდგომარეობაშია ოპოზიციაც. ეს საკითხები ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის.

— შეიძლება პარტიების აკრძალვის საფრთხემ ოპოზიცია საერთო პოზიციის გარშემო გააერთიანოს?

— წესით, ეს საერთო სახელმწიფოებრივი გამოწვევა უნდა იყოს. თუმცა ოპოზიციის ნაწილის წარსულ მოქმედებებზეც უნდა ვისაუბროთ.

ჩემი აზრით, წლების განმავლობაში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებასთან კომპრომისებითა და მის მიერ შეთავაზებულ პროცესებში მონაწილეობით ცდილობდა შედეგის მიღწევას. ამან ისინი დააზიანა და საზოგადოების ნდობაც შეამცირა.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ ეს გარემოებაც გაითვალისწინა, როდესაც პარტიების აკრძალვის საკითხი გაააქტიურა. ამიტომ საჭიროა ყურადღების კონცენტრირება თავად მმართველობის სისტემაზე და იმის გააზრება, რა შედეგი მოიტანა მასთან დათმობებმა.

— მედიაში მამუკა მდინარაძის მიმართ შესაძლო პროცესებზეც საუბრობენ. ამ მიმართულებით მოვლენების განვითარებას ელით?

— ჩემი ვარაუდით, ეს შესაძლებელია. წინა შემთხვევებში ვხედავდით გარკვეულ თანმიმდევრობას: ჯერ თანამდებობიდან ჩამოშორება, შემდეგ გარემოცვის დასუსტება და საჯარო სივრცეში უარყოფითი ინფორმაციის გავრცელება.

მიმაჩნია, რომ მსგავსი პროცესის ნიშნები ახლაც ჩანს. ამიტომ ველოდები, რომ შიდა დაპირისპირება და ის, რასაც ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლად წარმოაჩენს, გაგრძელდება.

კორუფციის დასრულება ერთი განცხადებით ვერ დასტურდება. კითხვები კვლავ არსებობს ტენდერებზე, ქონებაზე და იმაზე, როგორ მუშაობს მთლიანად მმართველობის სისტემა.

— რა შეიძლება იყოს შესაძლო ახალი დაპირისპირების მიზეზი?

— ჩემი ვარაუდით, გავლენების გადანაწილება და შიდა ჯგუფებს შორის ბრძოლა. ასეთ სისტემაში ერთი ჯგუფი მეორის ჩამოსაშორებლად გამოიყენება, შემდეგ კი შესაძლოა თავადაც იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

თუმცა ეს ჩემი პოლიტიკური შეფასებაა. კონკრეტულად ვის მიმართ რა გადაწყვეტილება მიიღება, წინასწარ ვერ ვიტყვი.