კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) სომხეთის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა 11 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღონ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტაალატბეკ მასადიკოვმა განაცხადა.

ორგანიზაციიდან ერევნის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღება საკითხის საბჭოს სხდომაზე წარდგენაზეა დამოკიდებული.

„თუ ამ საკითხს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წარადგენენ, ეს შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა მასადიკოვმა.

კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა 11 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება.

აგვისტოში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ორგანიზაციაში დაბრუნებას არ გეგმავს. მისივე თქმით, მოხარული იქნება, თუ სომხეთს ორგანიზაციიდან გარიცხავენ.