ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, იტალიელმა პოლიტიკოსმა პინა პიჩერნომ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლეშკიში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო შიმშილობა გამოაცხადა. მისი მოთხოვნაა, ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება შეუშვან და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია უზრუნველყონ.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში დაახლოებით 1 700 ადამიანი რჩება, მათ შორის, ბავშვები. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ბლოკადის პირობებში მოსახლეობას საკვები და მედიკამენტები არ აქვს, ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და სასმელი წყალი, ხოლო რუსი სამხედროები უსაფრთხო ევაკუაციას არ უზრუნველყოფენ.

გამოცემა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა მოსახლეობას დრონებით გარკვეული რაოდენობის საკვები ჩაუტანეს. ადგილობრივების მონათხრობით, რუსეთის ძალებმა ის ადამიანები დააკავეს, რომლებმაც დახმარება აიღეს.

პიჩერნომ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 20 ოქტომბერს დაწყებულ მის საპროტესტო აქციას უკვე 450-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მათ შორის არიან ევროპარლამენტის დეპუტატები და იტალიელი პოლიტიკური ლიდერები.

„ვერ შევეგუები იმას, რომ ამდენ ადამიანს პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილით სიკვდილი ემუქრება საყოველთაო გულგრილობის ფონზე“, – თქვა მან.

პიჩერნოს განცხადებით, შიმშილობა მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტია, რომლის მიზანიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. მისი თქმით, საფრთხის წინაშე მყოფ მოსახლეობას შორის 50-ზე მეტი ბავშვია.

„ჩემი ქმედებით მინდა ოლეშკის მცხოვრებლებს ვუთხრა, რომ მარტო არ არიან, ისინი არავის დავიწყებია და ევროპელი ლიდერები მათ გვერდით დგანან“, – აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად მუშაობა მიმდინარეობს. პიჩერნო იმედოვნებს, რომ აქციის მზარდი მხარდაჭერა საზოგადოებრივ ზეწოლას გააძლიერებს და მოლაპარაკებებს დააჩქარებს.

კითხვაზე, რას ეტყოდა უშუალოდ ვლადიმერ პუტინს, მან უპასუხა:

„ვეტყოდი, რომ დამნაშავესა და მკვლელივით იქცევა. ადამიანი, რომელიც გულგრილად უშვებს, რომ 50-ზე მეტი ბავშვი შიმშილით კვდებოდეს, რომელიც ხანდაზმულებს, ავადმყოფებსა და ქალებს გადარჩენის საშუალებას არ აძლევს – სწორედ ასე იქცევა“.

პიჩერნომ რუსეთის პრეზიდენტს მოსთხოვა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციისა და სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა უზრუნველყოს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე ვატიკანის ჩართულობას შედეგი მოჰყვება. მისი თქმით, რომის პაპის მოწოდებამ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობაზე კიდევ უფრო დააფიქრა.

ინტერვიუში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ევროპამ რუსეთზე ზემოქმედებისთვის ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს, საკუთარი თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს და უსაფრთხოების სფეროში მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვოს.

პიჩერნოს აზრით, პუტინს საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგის ძალისმიერი პოლიტიკით ჩანაცვლება სურს. მან ამ კონტექსტში რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის იდეა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას ევროპამ დემოკრატიული სახელმწიფოების ერთიანობით უნდა უპასუხოს.

პოლიტიკოსმა თქვა, რომ პუტინის სამშვიდობო განზრახვების არ სჯერა. ამის მიზეზებად უკრაინის ქალაქების დაბომბვა და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების შინ დაუბრუნებლობა დაასახელა.

მან მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც, რომელმაც პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. პიჩერნოს შეფასებით, ეს განცხადება ვაშინგტონის პოლიტიკაში არსებულ პრობლემას აჩვენებს.

„სამწუხაროდ, ტრამპი პუტინის ინსტრუმენტად იქცა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ, მისი აზრით, ორივე ლიდერს სუსტი და დამოუკიდებელი მოქმედების უნარს მოკლებული ევროპის ხილვა სურს.

პიჩერნომ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მშვიდობა და კაპიტულაცია ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. მისი განმარტებით, სამართლიანი და მდგრადი შეთანხმება საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენული ნების პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს.

მან მისაღებად შეაფასა ცეცხლის შეწყვეტის მიზნით არსებული ფრონტის ხაზის გაყინვის შესაძლებლობაც, თუმცა თქვა, რომ მთავარ დაბრკოლებად კვლავ პუტინის პოლიტიკური ნება რჩება.

ინტერვიუს დასასრულს პიჩერნომ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის შესაძლებლობის რწმენა შეინარჩუნონ.

წყარო: Настоящее Время