Meta-მ მარკ ზაკერბერგთან ახალი შეთანხმება გააფორმა, რომლის მიზანიც კომპანიის ხელმძღვანელის კალიფორნიაში შენარჩუნებაა. შტატში მილიარდერებისთვის ერთჯერადი გადასახადის შემოღება განიხილება, რამაც Facebook-ის თანადამფუძნებელს შესაძლოა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისროს.

BBC-ის ინფორმაციით, შეთანხმება ზაკერბერგს დამატებითი აქციების მიღებისა და მათი რეგულარულად გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს. ამ გზით მას შესაძლო საგადასახადო დანაკარგის ანაზღაურება გაუადვილდება.

ინიციატივა მილიარდ დოლარზე მეტი წმინდა ქონების მქონე რეზიდენტებისთვის ერთჯერად, 5%-იან გადასახადს ითვალისწინებს. წინადადებას ამომრჩევლები ნოემბერში უყრიან კენჭს. ზაკერბერგის ქონება 200 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული.

კომპანიის ფინანსური დოკუმენტის თანახმად, შეთანხმებას Meta-ს სპეციალურ კომიტეტთან ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა, რომლებიც ზოგიერთ ეტაპზე დაძაბულად მიმდინარეობდა.

ზაკერბერგმა დირექტორთა საბჭოს გასულ თვეში აცნობა, რომ კალიფორნიის დატოვებასა და შტატში არსებული უძრავი ქონების გაყიდვას განიხილავდა. მისი ძირითადი საცხოვრებლები პალო-ალტოსა და ტაჰოს ტბის მიდამოებშია.

მან საბჭოს განუცხადა, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა საჯარო ყურადღებას მიიპყრობდა, თანამშრომლების განხილვის საგანი გახდებოდა და კომპანიის შემდგომ მართვაზეც გააჩენდა კითხვებს.

შეთანხმების ფარგლებში Meta-მ აქციების ახალი კლასი შექმნა. აქციების დაყოფის,  ე.წ. სპლიტის, შედეგად, თითოეული არსებული აქციონერი ყოველ აქციაზე ერთ ახალ აქციას მიიღებს. ზაკერბერგთან გაფორმებული დამატებითი პირობები კი მას აქციების უფრო ხშირად მიღებისა და კვარტალურად გაყიდვის საშუალებას მისცემს.

ახალი მექანიზმი კომპანიაზე მის კონტროლს არ შეცვლის, თუმცა საკუთარი წილის ნაწილის ფულად ქცევას გაუმარტივებს.

შეთანხმება რვა წლის განმავლობაში იმოქმედებს იმ პირობით, რომ ზაკერბერგი კალიფორნიის რეზიდენტად დარჩება. დოკუმენტის მიხედვით, მისი მოქმედება, როგორც ჩანს, არც გადასახადის დამტკიცებაზეა დამოკიდებული.

Meta-მ შეთანხმებას „დამფუძნებელთან ინტერესების თანხვედრის შეთანხმება“ უწოდა. კომპანიის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებით გამოწვეული ტექნოლოგიური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, ზაკერბერგმა კომპანია კალიფორნიიდან მართოს.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა Meta-ს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ცვლილება. კომპანია მეტავერსის პროექტებიდან ყურადღებას ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურაზე ამახვილებს. პარალელურად გრძელდება რესტრუქტურიზაცია და თანამშრომლების შემცირება.  BBC-ის ცნობით, პერსონალის რაოდენობა ერთ წელიწადში 15%-ით შემცირდა, რაც სულ მცირე 10 000 სამუშაო ადგილის გაუქმებას ნიშნავს.

Meta მიმდინარე წელს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროექტებზე 145 მილიარდ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს. კომპანიამ წლის განმავლობაში მოსალოდნელი დანახარჯების პროგნოზი ყოველ კვარტალში გაზარდა.

მასშტაბური ინვესტიციების ფონზე Meta-ს ფულადი ნაკადი, საოპერაციო და საინვესტიციო ხარჯების გათვალისწინებით, ბირჟაზე გასვლიდან 14 წლის განმავლობაში პირველად გახდა უარყოფითი. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ამ მიმართულებებით იმაზე მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს.

ფინანსური დირექტორის, სიუზან ლის განცხადებით, აქციების დაყოფა Meta-ს მომავალი AI-ინვესტიციების დასაფინანსებლად დამატებით შესაძლებლობებსაც მისცემს.

თუმცა მზარდი დანახარჯები, ხელოვნური ინტელექტიდან მკაფიო ახალი შემოსავლის წყაროს გარეშე, ინვესტორების შეშფოთებას იწვევს. ხუთშაბათს Meta-ს აქციები 7%-ზე მეტით გაუფასურდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 100 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა.

წყარო: BBC