საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების მორიგ დღეს ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. შაბათს გამართული დემონსტრაციების შემდეგ, საღამოს რამდენიმე ქალაქში შეტაკებები მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა თითქმის 1 000-ს აღწევს.
პოლიციამ პარიზსა და რამდენიმე სხვა ქალაქში დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მარსელში ცეცხლი წაუკიდეს ბარიკადებს, ბორდოში კი აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინის დამცავი ფიცრები ჩამოხსნეს.
მიუხედავად დაპირისპირებისა, ხელისუფლებამ ამ ეტაპზე შეძლო იმ მასშტაბის არეულობისა და ძარცვის თავიდან აცილება, რაც გასულ შაბათ-კვირას მოხდა და საფრანგეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ეპიზოდი გახდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, შაბათის აქციებში დაახლოებით 410 000 ადამიანი მონაწილეობდა, პროფკავშირების მონაცემებით კი, დემონსტრანტთა რაოდენობამ 800 000-ს მიაღწია.
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში წესრიგის დასაცავად დაახლოებით 70 000 პოლიციელი იყო მობილიზებული. რამდენიმე ქალაქში დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდა, რათა საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ცხოვრების გაძვირებასა და სკოლებში არსებულ მძიმე პირობებს უკავშირდება, ფართომასშტაბიან არეულობაში არ გადაზრდილიყო.
გასულ კვირას განვითარებული მოვლენების დროს პოლიციას დემონსტრანტების რაოდენობასთან გამკლავება უჭირდა. გაძარცვეს ასობით ბიზნესი და ცეცხლი წაუკიდეს შენობებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ აღიარებული პროფკავშირების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები უნდა დაშვებულიყო.
ბოლო დღეებში გამართული დაჩქარებული სასამართლო პროცესების შედეგად ასობით ადამიანს მიესაჯა პატიმრობა ვანდალიზმისთვის, ცეცხლის წაკიდებისა და ძარცვისთვის.
წყარო: BBC