უკრაინა შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში არ დათანხმდება საკუთარი არმიის რიცხოვნობის შეზღუდვასა და ნეიტრალური სტატუსის მიღებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პოზიცია ამ საკითხებზე, პრინციპში, ემთხვევა ამერიკულ ხედვას. ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრა რუსეთის მხარის გადასაწყვეტი არ არის.

„ამრიგად, დასკვნები ნათელია: ჩვენი არმიის შეზღუდვისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. ტერიტორიული საკითხი კი წითელი ხაზია, რომლის განხილვაც მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთი სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არ იქნება, ვიდრე მოსკოვს ექნება იმედი, რომ უკრაინაზე ზეწოლით ომის მიზნების მიღწევას შეძლებს.

„სანამ რუსეთს სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზნებს მიაღწევს და ზეწოლის გზით მას კაპიტულაციას აიძულებს – მიზნებს, რომელთა მიღწევაც ბრძოლის ველზე არ შეუძლია – ის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ იქნება“, – განაცხადა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ომის დასასრულებლად აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება და გაძლიერება. მისი თქმით, მშვიდობის მისაღწევად ძალის გამოყენება აგრესორის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული და არა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც თავს იცავს.

„ეს ომი უკრაინის წინააღმდეგობის შეჩერებით ვერ დასრულდება. მისი დასრულება მხოლოდ აგრესორის თავდასხმების შეწყვეტით შეიძლება“, – აღნიშნა სიბიგამ.

მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებას გამოეხმაურა. უშაკოვის თქმით, მოსკოვი მზად არის, 4 ნოემბრის შემდეგ უკრაინასთან და შეერთებულ შტატებთან სამმხრივი, საცდელი ხასიათის მოლაპარაკებები განაახლოს.