როგორ იქცა სერბეთში სტუდენტური პროტესტი პოლიტიკურ ფაქტორად, რა როლი აქვს არჩევნებს საზოგადოებრივი ცვლილებების პროცესში და რატომ სჭირდება ქართულ პოლიტიკას ახალი თაობის გააქტიურება? პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში სერბეთის გამოცდილებას აფასებს და საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. მისი შეფასებით, ხანგრძლივმა პროტესტმა რეალური შედეგი რომ მოიტანოს, აუცილებელია საზოგადოების მობილიზაცია, არჩევნებისთვის მომზადება და მოქალაქეების ნდობის მოპოვება.

— სერბეთში თითქმის ორწლიანმა სტუდენტურმა პროტესტმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინი გააჩინა. რა აღმოჩნდა გადამწყვეტი – ქუჩის პროტესტი, საზოგადოების გაერთიანება თუ ხელისუფლების მიმართ ნდობის დაკარგვა?

— ამ პროცესში რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა. თავდაპირველად პროტესტი კორუფციის წინააღმდეგ იყო მიმართული, მოგვიანებით კი მას ხელისუფლების პოლიტიკისა და პრორუსული კურსის მიმართ უკმაყოფილებაც დაემატა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ამ საკითხს დამატებითი მნიშვნელობა შესძინა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გახდა არა მხოლოდ კორუფციის პრობლემა, არამედ ისიც, თუ რა პოლიტიკურ კურსს ატარებდა ხელისუფლება და ვის ინტერესებს ემთხვეოდა ეს კურსი. საბოლოოდ, პროტესტი ქვეყნის მომავალსა და მის საგარეო ორიენტაციასაც შეეხო.

— სერბეთის შემთხვევაში სტუდენტური მოძრაობის სათავეში ახალგაზრდები იდგნენ და არა ტრადიციული ოპოზიციური პარტიები. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საზოგადოებას ცვლილებებისთვის ახალი პოლიტიკური ლიდერები და ორგანიზების განსხვავებული ფორმები სჭირდება?

— საზოგადოებას სიახლე სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ძველი პოლიტიკური გამოცდილება მთლიანად უარსაყოფია, თუმცა ადამიანებს ხშირად მწარე გამოცდილება აქვთ დაგროვილი. ამიტომ ახალი სახეების გამოჩენას მნიშვნელობა ენიჭება.

სერბეთში ახალგაზრდებმა განსხვავებული ენერგია და პოლიტიკური მოქმედების ახალი ფორმა წარმოაჩინეს. საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია ახალი თაობის გააქტიურება. საზოგადოებას სჭირდება ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მის ნდობას მოიპოვებენ და პასუხისმგებლობის აღებას შეძლებენ.

— რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქუჩის პროტესტი საბოლოოდ საარჩევნო შედეგებში აისახოს? რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ხანგრძლივმა საზოგადოებრივმა აქტიურობამ რეალური პოლიტიკური ცვლილება მოიტანოს?

— მნიშვნელოვანია საზოგადოების რეგულარული მობილიზაცია. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მოქალაქეების უკმაყოფილება დროებითი არ არის და საზოგადოება საკუთარ მოთხოვნებზე უარს არ ამბობს.

თუმცა მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა საკმარისი არ არის. საჭიროა მუდმივი მუშაობა, მოქალაქეებთან კომუნიკაცია და პოლიტიკური პროცესისთვის მომზადება. პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იცოდნენ, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ცვლილებებს და როგორ შეიძლება ეს მხარდაჭერა საარჩევნო შედეგებში აისახოს.

არჩევნებისთვის მზადება მუდმივი პროცესია. მნიშვნელობა არ აქვს, მორიგი არჩევნებია თუ ვადამდელი, ოპოზიცია მზად უნდა იყოს როგორც ამომრჩევლებთან სამუშაოდ, ისე საარჩევნო პროცესში მონაწილეობისთვის.

— თქვენ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობისა და ბოიკოტის საკითხზეც არაერთხელ გისაუბრიათ. რა განსხვავებაა სერბეთის შემთხვევასა და საქართველოს პოლიტიკურ რეალობას შორის?

— სერბეთში საზოგადოება მობილიზებული აღმოჩნდა და ხელისუფლება იძულებული გახდა, არჩევნების საკითხზე გადაწყვეტილება მიეღო. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა საზოგადოების განწყობები სწორად შეაფასონ და მოულოდნელ პოლიტიკურ ვითარებას მომზადებულები შეხვდნენ.

საქართველოშიც საჭიროა მუდმივი მუშაობა. ოპოზიციამ არ უნდა იფიქროს, რომ საზოგადოებრივი უკმაყოფილება თავისთავად უზრუნველყოფს პოლიტიკურ შედეგს. საჭიროა ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა, ორგანიზება და არჩევნებისთვის მზადება.

— სერბეთის მაგალითმა აჩვენა, რომ ახალგაზრდულ მოძრაობას შეუძლია პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა. საქართველოში რამდენად არსებობს მოთხოვნა ახალი, ახალგაზრდული პოლიტიკური ძალების მიმართ?

— ვფიქრობ, საზოგადოებას სიახლე სჭირდება. საქართველოში ახალგაზრდებიც ნელ-ნელა იკრიბებიან და პოლიტიკაში ჩართვის სურვილს გამოხატავენ. მნიშვნელოვანია, მათ შეძლონ ორგანიზება, საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება და საზოგადოების ნდობის მოპოვება.

ძველი პოლიტიკური გამოცდილება ადამიანების ნაწილს იმედგაცრუებას უჩენს. ამიტომ ახალი თაობის ჩართულობას მნიშვნელობა აქვს. თუმცა მხოლოდ ახალგაზრდობა ან ახალი სახეები საკმარისი არ არის, საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა და პასუხისმგებლობის აღება.

— ევროკავშირის ლიდერები სერბეთში მიმდინარე პროცესების მიმართ ინტერესს გამოხატავენ და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერაზე საუბრობენ. რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ ცვლილებებს სერბეთის ევროპული ინტეგრაციისთვის?

— ახალგაზრდების გააქტიურება ქვეყნის გრძელვადიანი პოლიტიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თუ ისინი პოლიტიკაში დარჩებიან და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობას გააგრძელებენ, შესაძლოა, მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე.

ევროკავშირში გაწევრიანება სწრაფი პროცესი არ არის. ის რეფორმებსა და შესაბამისი კრიტერიუმების შესრულებას მოითხოვს. თუმცა დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნის გაძლიერებამ შეიძლება სერბეთის ევროპულ ინტეგრაციას ახალი იმპულსი მისცეს.

ამასთან, სერბეთში პოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილება რუსეთისთვის რეგიონში გავლენის შენარჩუნების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება.

— რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ სერბეთის გამოცდილებიდან? რა ფაქტორები უწყობს ხელს იმას, რომ საზოგადოებრივი პროტესტი რეალურ პოლიტიკურ შედეგად იქცეს?

— პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების მოთხოვნები და არ იფიქრონ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათი გეგმების მიხედვით განვითარდება.

ოპოზიციამ საზოგადოებასთან ურთიერთობა უნდა გააძლიეროს და მოქალაქეებს კონკრეტული პოლიტიკური ალტერნატივა შესთავაზოს. ხალხისთვის იმის თქმა, რომ ქუჩაში საკმარისი რაოდენობის ადამიანი არ გამოდის, პრობლემას ვერ აგვარებს. საჭიროა იმის გააზრება, რატომ არის საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო და როგორ შეიძლება მისი ნდობის მოპოვება.

საქართველოს ისტორიაშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეების აქტიურობამ პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ამიტომ საზოგადოებრივი მობილიზაციის მნიშვნელობის დაკნინება არასწორია. თუმცა აუცილებელია, პროტესტს თან ახლდეს ორგანიზება და პოლიტიკური პროცესისთვის მზადება.

— საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი აქტუალურია. შეიძლება ამ პროცესმა საპირისპირო შედეგი გამოიღოს და ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი?

— თუ პოლიტიკური ძალების ნაწილი აიკრძალება, შესაძლოა, საზოგადოებაში ახალი პარტიების შექმნის საჭიროება უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს. ახალგაზრდებს შეუძლიათ ახალი ორგანიზაციების ჩამოყალიბება და პოლიტიკური პროცესის გაგრძელება სხვა ფორმით.

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე ნაკლები დრო დახარჯონ და საერთო პოლიტიკური მიზნების გარშემო თანამშრომლობა შეძლონ. თუ საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ ძალებზე, მათ უნდა შესთავაზონ ისეთი ალტერნატივა, რომელიც მოქალაქეების ნდობას დაიმსახურებს.

— რატომ ვერ ჩამოყალიბდა საქართველოში ისეთი პოლიტიკური ალტერნატივა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ენდობა? პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება თუ თავად პოლიტიკური გარემო ზღუდავს ასეთ შესაძლებლობას?

— ოპოზიციაში კვლავ ბევრი ძველი სახეა. საზოგადოებას კი განახლება სჭირდება. ამასთან, პოლიტიკური ძალები ხშირად საკუთარ ლიდერობასა და ურთიერთშეთანხმებაზე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ, ვიდრე ახალი პოლიტიკური შეთავაზების შექმნაზე.

მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად იმაზე იმუშაონ, როგორ უპასუხონ საზოგადოების მოთხოვნებს. ახალი პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბება მხოლოდ სახელების შეცვლას არ ნიშნავს, საჭიროა ახალი ხედვა, პასუხისმგებლობა და მოქალაქეების ნდობა.

— შეიძლება თუ არა სერბეთის მაგალითმა საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებას დამატებითი იმპულსი მისცეს?

— სერბეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა. თუ საქართველოში ახალი თაობა ორგანიზებას შეძლებს და საზოგადოების წინაშე კონკრეტული ხედვით წარდგება, მას პოლიტიკური პროცესების განვითარებაში საკუთარი როლის შესრულება შეუძლია.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა საზოგადოებრივი მხარდაჭერა რეალურ პოლიტიკურ მოქმედებად აქციონ. საბოლოოდ, ცვლილებებისთვის საჭიროა მოქალაქეების აქტიურობა, ორგანიზება და ისეთი პოლიტიკური ალტერნატივის არსებობა, რომელიც საზოგადოების ნდობას მოიპოვებს.

ინტერვიუ მოამზადა: ლევან ჭითანავამ

რესპონდენტი: პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი