აშშ-ის სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთში მზად არიან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების მიღებიდან 96 საათის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ ახალი, შესაძლოა, მასშტაბური სამხედრო ოპერაციები დაიწყონ. ამის შესახებ CNN-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროების ინფორმაციით, რეგიონში უკვე განლაგებულია შესაძლო ოპერაციისთვის საჭირო სამხედრო ძალები. მათი შეფასებით, ახალი დარტყმების მასშტაბი შესაძლოა გასცდეს ირანის რადარების, სარაკეტო გამშვები დანადგარებისა და სხვა სამხედრო ობიექტების განადგურებას და მოიცვას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სამხედრო ბაზები და ბირთვული ობიექტები.

„ეს მასშტაბური ოპერაცია იქნება“, – განუცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს.

გამოცემის წყაროების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპმა სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება შესაძლოა წლის ბოლომდე მიიღოს, სავარაუდოდ, აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ. თუმცა, ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და წარსულში მას არაერთხელ დაუხევია უკან იმ ნაბიჯებისგან, რომელთა გადადგმასაც თავდაპირველად განიხილავდა.

თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. პენტაგონის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ უწყების ამოცანაა, მოამზადოს და განახორციელოს სამხედრო ვარიანტები, რომელთა გამოყენებასაც პრეზიდენტი ბრძანებით გადაწყვეტს.

აშშ ირანის შესაძლო საპასუხო მოქმედებებსაც ითვალისწინებს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ბოლო შეფასებებით, ირანი და იემენელი ჰუსიტები აშშ-ისა და, შესაძლოა, ისრაელის მხრიდან ახალი თავდასხმების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავენ.

წყაროების შეფასებით, თუ ვაშინგტონი და თელ-ავივი ირანის წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ, თეირანმა და ჰუსიტებმა შესაძლოა დაუყოვნებლივ უპასუხონ და რეგიონში ამერიკულ სამხედრო მოსამსახურეებსა და ობიექტებზე მიიტანონ იერიში.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ჯეი კლეიტონის, 23 ოქტომბრის მემორანდუმის თანახმად, ამერიკულმა დაზვერვამ დააფიქსირა, რომ ირანმა აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები გააძლიერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესაბამისი გეგმები ახლო აღმოსავლეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიმართულებით მოწინავე ეტაპზეა გადასული.

ამავე დროს, ამერიკული დაზვერვის შეფასებით, ირანი და ჰუსიტები ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, არ დაიწყებენ წინმსწრებ ესკალაციურ თავდასხმებს აშშ-ის პერსონალზე ან ისრაელზე, თუმცა მზად იქნებიან საპასუხო მოქმედებებისთვის, თუ მათ პირველად დაესხმებიან თავს.

რეგიონში არსებული საფრთხეების ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური მისიებიდან თანამშრომლების ნაწილის გაყვანასაც განიხილავს. CNN-ის წყაროს ცნობით, საუდის არაბეთში, რიადში მდებარე აშშ-ის საელჩო ამ დროისთვის ერთადერთი ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობაა რეგიონში, საიდანაც თანამშრომლების გამგზავრება ოფიციალურად მოითხოვეს. სხვა მისიებშიც შესაძლოა მსგავსი ზომები მიიღონ ან პერსონალის რაოდენობა შეზღუდონ.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი სამხედრო როტაციის ფარგლებში ზოგიერთი არასავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა გაუქმდა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი, კვირას ჰორმუზის სრუტეს ეწვია. აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, მან რეგიონში არსებული ოპერატიული ვითარება შეაფასა და იმ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა, რომლებიც სრუტის ირანული ნაღმებისგან გაწმენდაში მონაწილეობდნენ.

კუპერმა განაცხადა, რომ აშშ სპარსეთის ყურის პარტნიორებთან და საზღვაო გადაზიდვების სექტორთან თანამშრომლობას განაგრძობს, რათა ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს.

მიუხედავად იმისა, რომ სრუტეში ტანკერების გადაადგილება გაიზარდა, ნავთობის ფასები მაღალი რჩება, რასაც ირანის შესაძლო თავდასხმების საფრთხეც განაპირობებს. CNN-ის ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, არსებული ვითარების ხანგრძლივად შენარჩუნება შეუძლებელია და დიპლომატიური შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ეს შესაძლოა ტრამპისთვის სამხედრო მოქმედებების დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდეს.

ისრაელი ირანზე ახალი დარტყმების განხორციელებას ცდილობს

CNN-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების განხორციელებას ითხოვს, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მას სთხოვეს, ოპერაცია გადაედო, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია ერთობლივი მოქმედებებისთვის მზად არ იქნებოდა.

ისრაელის უსაფრთხოების სფეროს ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ნეთანიაჰუ ტრამპის დარწმუნებას ცდილობდა, რომ ირანზე ერთობლივი იერიში აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე დაეწყოთ, თუმცა პრეზიდენტმა თანხმობა არ გასცა. ნეთანიაჰუს ოფისმა ეს ინფორმაცია „ყალბ ამბად“ შეაფასა.

იმავე წყაროს ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტრამპმა ოპერაციის დაწყება არ დააჩქარა, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ეიალ ზამირის, პოზიცია იყო. წყაროს მტკიცებით, ზამირმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების მეთაურს, გენერალ დენ კეინს, გააფრთხილა, რომ ირანზე თავდასხმას შესაძლოა ისრაელის არჩევნებისთვის ზიანი მიეყენებინა და მათი გადადება გამოეწვია.

ისრაელის მე-12 არხის ცნობით, სამშაბათის კენჭისყრამდე 48 საათზე ნაკლები ხნით ადრე ზამირსა და ნეთანიაჰუს შორის დაპირისპირება მოხდა. ტელეარხის ინფორმაციით, ზამირმა ირანთან დაკავშირებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითების შესრულებამდე საკითხის დეტალური განხილვა და სამართლებრივი ნებართვების მიღება მოითხოვა, რადგან შიშობდა, რომ არასწორად გათვლილ ნაბიჯს დაუყოვნებელი კონფლიქტის გამოწვევა შეეძლო.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ამ ცნობას „სრულიად უსაფუძვლო და მცდარი“ უწოდა.

CNN-ის წყაროების თანახმად, ისრაელი ბოლო პერიოდში ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადებოდა და ვაშინგტონს მხარდაჭერას სთხოვდა. თუმცა, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ტრამპმა, ისრაელს მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდეს და მიანიშნეს, რომ ორი ქვეყანა ერთობლივ ოპერაციებს შესაძლოა მოგვიანებით, სავარაუდოდ, ამერიკული შუალედური არჩევნების შემდეგ დაიწყებდეს.

წყაროების ინფორმაციით, ისრაელი დარტყმების გადადებას ნაწილობრივ იმიტომ დათანხმდა, რომ სარაკეტო თავდაცვისთვის აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება. ირანისა და ჰუსიტების შესაძლო საპასუხო მოქმედებების ფონზე, ისრაელის თავდაცვითი რაკეტების მარაგი ომის განმავლობაში შემცირდა.

CNN-ის ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, აშშ-ის სადაზვერვო შეფასებები ასევე მიუთითებს, რომ ნეთანიაჰუსა და მის მოკავშირეებს ირანში რეჟიმის შესუსტებისა და მიღწეული „პროგრესის“ დემონსტრირების მიღმა მკაფიო სტრატეგიული მიზანი ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული.

ნეთანიაჰუმ ამ კვირაში ისრაელის თავდაცვის ძალების გამოსაშვებ ცერემონიაზე განაცხადა, რომ მისი მითითება თავდაცვის ძალების, „მოსადისა“ და სხვა უსაფრთხოების სტრუქტურების მიმართ ირანში არსებული რეჟიმის დამხობაა.

CNN-ის წყაროს თქმით, ირანზე შესაძლო ოპერაციის გეგმები უკვე მზად არის და ტრამპის თანხმობას ელოდება. მისი განხორციელება კი შესაძლოა აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დაიწყოს.

წყარო: CNN