საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა გრძელდება. პროცესზე მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნას კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის აუცილებლობით ხსნიან, ოპოზიცია კი სარჩელს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განმარტებით, საქმეს გარკვეული მასალები მტკიცებულებების სახით დაერთო, თუმცა უარი ითქვა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით დაკითხვაზე.

მხარეთა პოზიციების მოსმენამდე ნადარაიამ პროცესის მონაწილეებს მოუწოდა, არგუმენტები მაქსიმალური თავშეკავებითა და კორექტულობით წარმოადგინონ. მისი თქმით, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ორივე მხარის განმარტებების მოსმენა და პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

„შესაძლებელია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები მიუღებელია მოპასუხე მხარისთვის, ისევე როგორც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები მიუღებელი იყოს მოსარჩელე მხარისთვის, მაგრამ მაქსიმალური თავშეკავებით, მაქსიმალური კორექტულობით, ყოველგვარი ეპითეტებისა და მითითებების გარეშე უნდა წარიმართოს პროცესი“, – განაცხადა ნადარაიამ.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას სახელმწიფოებრიობის დაცვის აუცილებლობით ხსნის

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, სასამართლოში განაცხადა, რომ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტები ოპოზიციური პარტიების მხრიდან საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხეზე მიუთითებს. მისი შეფასებით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი და აიკრძალოს მათი საქმიანობა.

გორდულაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერაზე. მისი თქმით, 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში საუბარი იყო საქართველოსა და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ სამოქალაქო ტერიტორიებზე ძალის გამოყენების შესაძლო შეფასებაზე, როგორც ომის დანაშაულისა, რაც საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებდა.

გორდულაძის შეფასებით, რეზოლუციის მხარდაჭერით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. მან ასევე განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებსა და არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებდნენ.

„ამ საკითხებზე ხმის მიცემით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ან არ გაუკეთებია და დაიბრალა. ორივე შემთხვევაში, ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი“, – განაცხადა გორდულაძემ.

მისი თქმით, სარჩელი მხოლოდ წარსულის შეფასებას არ ეხება და სასამართლომ უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა მომავალში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების განმეორების საფრთხე.

გორდულაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიებიც უნდა აიკრძალონ, რადგან, მისი შეფასებით, ისინი არ ემიჯნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს და თანამშრომლობენ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც მოსარჩელე მხარე პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება, თვალი დავხუჭოთ ამ ფაქტებზე, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციური მოწყობის საფუძველი დაუცველი იქნება. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“, მისი განშტოების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ“, – განაცხადა გორდულაძემ.

ზაზა ბიბილაშვილი: სარჩელი პოლიტიკურად მოტივირებულია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა, სარჩელი პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა. მისი განცხადებით, მოსარჩელე მხარე შერჩევითად მოპოვებულ ფაქტებს ეყრდნობა და მათ არასწორად, მიკერძოებულად ან კონტექსტიდან ამოგლეჯილად განმარტავს.

ბიბილაშვილის თქმით, სარჩელი ეფუძნება მოსაზრებას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყანაში მოქმედებდა დანაშაულებრივი რეჟიმი, ხოლო ოპოზიციაში ყოფნისას პარტიის მიზანი კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლაა.

მისი შეფასებით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ერთიან ორგანიზმად წარმოჩენა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ბიბილაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტული თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები ავტომატურად არ უნდა განიხილებოდეს პარტიის ან რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანების პასუხისმგებლობად.

„საკონსტიტუციო სარჩელი ეყრდნობა შერჩევითად მოპოვებულ ფაქტებს, ფაქტების არასწორ, მიკერძოებულ ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინტერპრეტაციასა და შეფასებებს“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხელისუფლებისთვის „რეჟიმის“ წოდება სანქციებს არ იწვევდა, რასაც დღევანდელი მდგომარეობისგან განსხვავებულ პრაქტიკად მიიჩნევს.

ბიბილაშვილის განცხადებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმურობას დაადასტურებს.

„სარჩელის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ“, — განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, მოსარჩელე მხარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიას და კონკრეტული პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ქმედებებთან აიგივებს.

ირაკლი ფავლენიშვილი: საქმე მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვას ეხება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, პროცესი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ საქმედ შეაფასა.

მისი განცხადებით, სარჩელის დაკმაყოფილებამ შესაძლოა მილიონზე მეტი ადამიანის პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვა გამოიწვიოს. ფავლენიშვილმა ასევე გააკრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა და განაცხადა, რომ ოპოზიციის მიმართ სასამართლოს დამოკიდებულება მიკერძოებულია.

„ხდება მილიონობით ადამიანის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა. ამ პროცესში ნათლად ჩანს, რომ საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საკონსტიტუციოში ოპოზიციის მიმართ უფრო აგრესიულები და ანგაჟირებულები არიან“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: სასამართლო დაადგენს, ვინ მოქმედებს კონსტიტუციის წინააღმდეგ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება მოსარჩელე მხარის არგუმენტებს ამყარებს.

პაპუაშვილის შეფასებით, ამ პარტიების აკრძალვა ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოს გააჯანსაღებს და სხვა პოლიტიკურ ძალებს კონკურენტულ პირობებში საქმიანობის შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური თუ ისინი არიან არაკონსტიტუციურები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა წლების განმავლობაში ეჭვქვეშ დააყენეს ხელისუფლების ლეგიტიმურობა, თუმცა თავად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. პაპუაშვილის განმარტებით, პარლამენტის 30 წევრის მხარდაჭერა საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენისთვის საკმარისი იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებას უსაფუძვლო შუამდგომლობების წარდგენით ცდილობს და შესაძლოა, წინასწარ ამზადებდეს არგუმენტებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის იმ შემთხვევისთვის, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს.

პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიები კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, ძალადობის მეთოდებს იყენებენ და უცხო ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს წინააღმდეგ მიმართავენ. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ გარემოზე დადებითად აისახება.

„გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის შემთხვევაში მანდატების დატოვებას გეგმავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, შალვა კერესელიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას არაკონსტიტუციურად ცნობს და მის საქმიანობას აკრძალავს, პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ.

კერესელიძის განმარტებით, პარტიის მიერ მიღებული მანდატები პროპორციული შედეგის საფუძველზეა მოპოვებული და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შემთხვევაში მათი შენარჩუნება აზრს დაკარგავს.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, მაშინ, ბუნებრივია, პარლამენტშიც ჩვენ არანაირი საქმე აღარ გვექნება და ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება“, – განაცხადა კერესელიძემ. კითხვაზე, დატოვებს თუ არა პარტია მანდატებს, მან უპასუხა: „დიახ, ბუნებრივია“.

რომელ პარტიებს ეხება სარჩელი

„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის მიერ წარდგენილი სარჩელი ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითვალისწინებს. ესენია:

  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;
  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;
  • „ფედერალისტური პარტია“;
  • „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.