საფრანგეთის მთავრობამ განათლების სფეროში გასატარებელი ღონისძიებები განსაზღვრა, რაც ქვეყანაში ახალგაზრდების მასობრივ პროტესტს პასუხობს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობების სარემონტო სამუშაოებისთვის 1 მილიარდ ევროს გამოყოფს, ხოლო რეგიონებს სკოლების შენობების განახლებისთვის შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით 4 მილიარდი ევროს ოდენობის სესხებს შესთავაზებს.
გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულებას იღებს, 2027 სასწავლო წლიდან სტიპენდიები ინფლაციის გათვალისწინებით დაარეგულიროს. 2027 და 2028 წლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დამატებით 15 000 ადგილის შექმნა იგეგმება. ასევე დაემატება მასწავლებელთა 500 საშტატო ერთეული და კიდევ 500 საშტატო ერთეული ფსიქოლოგებისთვის, ექთნებისა და სოციალური მუშაკებისთვის. გარდა ამისა, იგეგმება კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შეზღუდვა და სადილისთვის ერთსაათიანი შესვენების გარანტირება.
ლეკორნუს თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის სისტემის, Parcoursup-ის მუშაობა 2027 წლიდან უფრო გამჭვირვალე გახდება, ხოლო 2028 წლიდან მას ახალი სისტემა ჩაანაცვლებს.
როგორც ლეკორნუმ აღნიშნა, განათლების სისტემაში ცვლილებების შესამუშავებლად მთავრობამ თითქმის 3 000 ლიცეუმიდან მიღებული მიმართვები განიხილა.
პრემიერ-მინისტრმა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
„საშუალო სკოლის მე-10 კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა, მაქსიმუმ, 28-ით განისაზღვრება: 2027 წლიდან იმ სკოლების ნახევარში, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან უზრუნველყოფილი რესურსებით, ხოლო 2028 წლიდან – ყველა საჯარო სკოლაში. დაემატება მასწავლებელთა 500 საშტატო ერთეული და კიდევ 500 საშტატო ერთეული ფსიქოლოგებისთვის, ექთნებისა და სოციალური მუშაკებისთვის. სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობების განახლებისთვის 1 მილიარდ ევროს გამოყოფს, ხოლო რეგიონებს სკოლის შენობების სარემონტო სამუშაოებისთვის შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით 4 მილიარდი ევროს ოდენობის სესხებს გამოუყოფს. მოსწავლეებისთვის გარანტირებული იქნება სადილისთვის ერთსაათიანი შესვენება. 2027 და 2028 წლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დამატებით 15 000 ადგილი შეიქმნება. 2027 სასწავლო წლიდან სტიპენდიები ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. 2028 წლიდან Parcoursup-ს ახალი სისტემა ჩაანაცვლებს, 2027 წლიდან კი ჩარიცხვის კრიტერიუმები გასაგები უნდა იყოს, ხოლო თითოეული უარი – განმარტებული და დასაბუთებული.
პარლამენტმა ახალი სისტემის შექმნაში თავისი სრული წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენ კონკრეტულ წინადადებებსა და ვალდებულებებს ველოდებით. ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა გვისმენენ, მივმართავთ: ჩვენ თქვენგან ბევრს ველოდებით. თქვენც გაქვთ სრული უფლება, ჩვენგან ბევრს ელოდოთ“.