საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მხარეებმა ახსნა-განმარტებები დაასრულეს. 9 ნოემბრიდან მოსამართლეები მხარეებს შეკითხვებს დაუსვამენ: ჯერ მოსარჩელეებს, შემდეგ მოპასუხე პარტიებს. ასე განმარტა სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ. სხდომები 13 ნოემბრის ჩათვლით ყოველდღე გაიმართება, პირველი 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.

სარჩელი პარლამენტის 88 წევრმა შეიტანა. ისინი ითხოვენ, რომ სასამართლომ ხუთი ოპოზიციური გაერთიანება არაკონსტიტუციურად ცნოს და მათი საქმიანობა აკრძალოს. სასამართლოს უნდა გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა ამისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული საფუძველი, ანუ სად გადის ზღვარი სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციური წესრიგის დაცვასა და ოპოზიციის საქმიანობის თავისუფლებას შორის.

ვის ეხება სარჩელი

სარჩელი 24 სექტემბერს დარეგისტრირდა. მოსარჩელეები ითხოვენ შემდეგი პარტიების აკრძალვას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

9 ოქტომბერს საქმე სასამართლოს პლენუმს გადაეცა. სასამართლოს განმარტებით, დავა კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

რას ამბობს „ქართული ოცნება“

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონსტიტუციურ წესრიგს იცავენ. მათი თქმით, მოპასუხე პარტიები სხვადასხვა დროს ისე მოქმედებდნენ, რომ საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის დამოუკიდებლობას, კონსტიტუციურ წესრიგსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არგუმენტაციის ნაწილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მასალებს ეყრდნობა, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდსა და მის შემდგომ მოვლენებს იკვლევდა.

მოსარჩელეების აზრით, პარტიის სტატუსი მის საქმიანობას კონსტიტუციური შემოწმებისგან არ იცავს. ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციის შეზღუდვას კი არ ითხოვენ, არამედ კონკრეტული ორგანიზაციების კონკრეტული ქმედებების შეფასებას.

მოპასუხე პარტიების პოზიციები

ხუთივე პარტია სარჩელს პოლიტიკურ დაკვეთად მიიჩნევს, თუმცა თითოეული სხვადასხვა ტაქტიკას ირჩევს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, თითქოს პარტიის დღევანდელი საქმიანობა კონსტიტუციით აკრძალულ მიზნებს ემსახურება.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მტკიცებულებებზე დავობს. ნიკა გვარამიამ სასამართლოს სთხოვა, გამოეთხოვა 2008 წლის ომთან დაკავშირებული დოკუმენტები, რათა შედარებულიყო საგამოძიებო კომისიის დასკვნები და ის პოზიცია, რომელიც სახელმწიფომ საერთაშორისო სასამართლოებში წარადგინა.

„ლელოს“ წარმომადგენლები შეახსენებენ სასამართლოს, რომ პარტიის ასაკრძალად ძალიან მაღალი სამართლებრივი სტანდარტია საჭირო. მათ ითხოვეს, რომ სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან საკონსულტაციო მოსაზრება მოეთხოვა და ვენეციის კომისიის ექსპერტები მოეწვია. ორივე შუამდგომლობა უარყოფილია.

„გახარია საქართველოსთვის“ სარჩელის შინაარსსაც აკრიტიკებს და პროცედურასაც. პარტიამ დაცვის მოსამზადებლად დამატებითი დრო და კონკრეტული მტკიცებულებების გამოკვლევა ითხოვა.

„ფედერალისტურმა პარტიამ“ სხდომებზე დასწრებაზე საერთოდ უარი თქვა. მისი წარმომადგენლების თქმით, მონაწილეობით პროცესს ლეგიტიმაციას მისცემდნენ.

განსხვავებული ტაქტიკის მიუხედავად, ოპოზიციის საერთო არგუმენტი ერთია: პარტიების აკრძალვა ქვეყანაში პოლიტიკურ კონკურენციას შეზღუდავს.

რა გადაწყვეტილებები მიიღო სასამართლომ განხილვის პროცესში

არსებითი განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. მოპასუხეებმა თავიდანვე არაერთი შუამდგომლობა შეიტანეს: ითხოვდნენ დამატებით მტკიცებულებებს, დოკუმენტების გამოთხოვას, მოწმეების დაკითხვას და ზოგიერთი მოსამართლის აცილებას. სასამართლომ მათი უმეტესობა არ დააკმაყოფილა.

მაგალითად, უარი უთხრა „გახარია საქართველოსთვის“-ს სხდომის გადადებაზე, რადგან, სასამართლოს აზრით, გადადების საფუძველი არ არსებობდა. სამაგიეროდ, იმავე პარტიის თხოვნით, ზოგიერთი დამატებითი მასალა მტკიცებულებად დაუშვა.

მოპასუხეები ჩიოდნენ, რომ შუამდგომლობების უარყოფა საქმის სრულად შესწავლის საშუალებას არ აძლევთ. სასამართლო პასუხობდა, რომ თითოეულ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძვლისა და საქმისთვის მტკიცებულების მნიშვნელობის მიხედვით აფასებდა.

პროცესზე სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხიც დადგა. მოსამართლე მანანა კობახიძემ თვითაცილება მოითხოვა: მისი თქმით, წარსულში პოლიტიკური საქმიანობისა და მოპასუხე პარტიებზე გაკეთებული განცხადებების გამო, საზოგადოებას შეიძლება ეჭვი გასჩენოდა, რომ საქმეს მიუკერძოებლად ვერ განიხილავდა. სასამართლომ თხოვნა არ დააკმაყოფილა. მოგვიანებით კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

საერთაშორისო შეფასებები

ევროპული ინსტიტუტებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები შიშობენ, რომ პარტიების აკრძალვა საქართველოში პოლიტიკურ პლურალიზმს დააზიანებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა გუდრუნ კუგლერმა ხელისუფლებას მოუწოდა, ამ მცდელობაზე უარი თქვას. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მაღალ დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

საერთაშორისო სამართალი პარტიის აკრძალვას სრულად არ გამორიცხავს, მაგრამ მოითხოვს, რომ ეს ზომა კონკრეტულ მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, კანონიერ მიზანს ემსახურებოდეს და პროპორციული იყოს. კრიტიკოსების მთავარი კითხვაც ესაა: აუცილებელია თუ არა აკრძალვა, თუ არსებობს ნაკლებად მკაცრი გზა.

რა უნდა დაადგინოს სასამართლომ

კონსტიტუციის 23-ე მუხლი პარტიების შექმნისა და საქმიანობის თავისუფლებას იცავს, მაგრამ იქვე ჩამოთვლის, როდის არის პარტიის საქმიანობა დაუშვებელი. სასამართლოს სამ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: რა მტკიცებულებები ადასტურებს ბრალდებებს; შეიძლება თუ არა კონკრეტული ადამიანების ან წინა ხელისუფლების ქმედებები დღევანდელ პარტიებს დაეკისროს; და არის თუ არა აკრძალვა აუცილებელი და პროპორციული ზომა.

ამ კითხვებზე პასუხი 9 ნოემბრიდან დაწყებული შეკითხვების ეტაპის შემდეგ უნდა გაიცეს. საბოლოო გადაწყვეტილებამდე როგორც მოსარჩელეების ბრალდებები, ისე ოპოზიციის საპასუხო არგუმენტები მხოლოდ მხარეთა პოზიციებია.

წყაროები

სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”

Reuters

Civil.ge