აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მიიწვიოს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN ავრცელებს.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ზელენსკის სამიტზე მიწვევას, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსგავსი მიწვევა უკვე მიიღო.

„დიახ, დიდი სიამოვნებით. არანაირი პრობლემა არ არის“, – უპასუხა ტრამპმა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ზელენსკის სამიტზე მიწვევის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობა დადებითი შედეგების მიღწევას შეუწყობს ხელს.

G20-ის ლიდერთა სამიტი მაიამიში 2026 წლის 14–15 დეკემბერს არის დაგეგმილი.

მანამდე ტრამპმა სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიწვია. კრემლში დაადასტურეს, რომ ამერიკული მხარისგან მიწვევა მიიღეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, პუტინის მაიამიში გამგზავრების საკითხი შესაძლოა დამოკიდებული იყოს ნოემბერში, ჩინეთში დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) სამიტის შედეგებზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასევე არ გამორიცხა, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა დეკემბრამდეც, 18–19 ნოემბერს დაგეგმილი APEC-ის სამიტის ფარგლებში გაიმართოს.

ამ ეტაპზე უცნობია, მიიღებს თუ არა ზელენსკი ოფიციალურ მიწვევას და დაესწრება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი მაიამიში დაგეგმილ შეხვედრას.