უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ომის დასრულების შემდეგ მშვიდობა მხოლოდ სიტყვა არ უნდა იყოს და მას კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები, ძლიერი არმია და უკრაინის აღდგენისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა უნდა ამყარებდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, 10-11 ნოემბერს აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღდგენა იქნება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა მხარემ უკვე გამოთქვა სურვილი, რომ შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის აღდგენის პაკეტი განიხილოს. მისივე თქმით, უკრაინა ასევე მოითხოვს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას აშშ-ის შუამავლობით. „ეს ნიშნავს, რომ სასურველია, მომზადდეს ლიდერების შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, რომელშიც ევროპის მონაწილეობა აუცილებელი იქნება. როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის გარეშე სტაბილური და მყარი მშვიდობა შეუძლებელია, ეს სიმართლეა. მშვიდობა მილიონობით კომპრომისისგან შედგება. სტაბილურობის გარეშე და იმის რწმენის გარეშე, რომ ხვალ ახალი ომი არ დაიწყება, ასეთი „მშვიდობა“ ძალიან სახიფათოა“, — განაცხადა ზელენსკიმ. მისივე განმარტებით, მშვიდობა მხოლოდ სიტყვა არ არის და მას კონკრეტული ნაბიჯები უნდა ამყარებდეს. ზელენსკის განცხადებით, მდგრადი და სტაბილური მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია შესაბამისი გარანტიების არსებობა. მისივე თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ვერც აშშ და ვერც რუსეთი ვერ გადაწყვეტენ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ევროპისა და აშშ-ის ერთობლივ მონაწილეობას უნდა ეფუძნებოდეს. მისივე თქმით, დეესკალაციის პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. „გულახდილად რომ ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტა შეხვედრის გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა, რუსეთს ამის სურვილი რომ ჰქონოდა, თუმცა ამას ვერ ვხედავთ. მათ ამა თუ იმ ფორმატში დიალოგი სურთ და სამმხრივ ფორმატს გვთავაზობენ. ეს დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი თუ იქნება, დიახ, შეგვიძლია, სამმხრივ ფორმატში შევხვდეთ“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი შეხვედრები უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივ ფორმატს ითვალისწინებს, მოლაპარაკებებში ევროპაც მონაწილეობს. მისივე განმარტებით, ევროპული ქვეყნები პროცესში სხვადასხვა ფორმით არიან ჩართული. „უკვე გვქონდა სამმხრივი ფორმატის შეხვედრები, რომლებსაც მოგვიანებით ევროპაც შეუერთდა. ამიტომ ევროპის გარეშე არაფერი გამოვა. გულწრფელად რომ ვთქვა, დარწმუნებული ვართ, საბოლოოდ მშვიდობა დამყარდება, ომი დასრულდება და ევროპა მნიშვნელოვან, აქტიურ როლს შეასრულებს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას და გერმანიის კანცლერს მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა აქვთ. „სტაბილური და მყარი მშვიდობა ვერ იქნება, თუ ევროპა მოლაპარაკებებში ამა თუ იმ ფორმით ჩართული არ იქნება“, — აღნიშნა ზელენსკიმ. გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აბუ დაბიში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ზელენსკის შეფასებებს იზიარებს. ცნობისთვის, 10-11 ნოემბერს აბუ დაბიში აშშ-ის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, რომელშიც ამერიკული მხარეც მიიღებს მონაწილეობას.