ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!- ასე ეხმაურება პარტია „დროა“ რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით უწყებამ „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.
პარტია დროა განმარტავს, რას ედავება რუსეთის საგამოძიებო უწყება.
„რაში „გვედება ბრალი”:
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში;
ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში;
საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში;
საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში;
უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში; და ბოლოს, იმაში, რომ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში. ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია! ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში! საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!“- წერს პარტია „დროა“ განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.