საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიმართ ნდობის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კვლევითი ინსტიტუტის, Elabe-ს მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს რესპონდენტთა მხოლოდ 13% ენდობა, ხოლო 82% მის მიმართ უნდობლობას გამოხატავს.

ნოემბრის კვლევის შედეგებით, მაკრონის ნდობის მაჩვენებელი ერთ თვეში 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, აგვისტოსთან შედარებით კი კლება 11 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.

აღნიშნული შედეგი Elabe-ს პოლიტიკური ბარომეტრის ისტორიაში ყველაზე დაბალია. მანამდე ანტირეკორდი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ეკუთვნოდა, რომლის ნდობის მაჩვენებელი 2016 წლის ნოემბერში 14%-მდე შემცირდა.

გამოკითხვის მიხედვით, შემცირებულია პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს მიმართ ნდობაც. მას რესპონდენტთა 17% ენდობა, რაც წინა თვესთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ამასთან, პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პირველ ადგილს პარტია „ეროვნული გაერთიანების“ წარმომადგენელი მარინ ლე პენი იკავებს, რომლის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 35% გამოხატავს. მეორე ადგილზე 33%-ით ჟორდან ბარდელაა.

Elabe-ს კვლევა 3-4 ნოემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 004-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო. გამოკითხვის შედეგები საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის ფონზე გამოქვეყნდა.