რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. 5-დან 6 ნოემბრის ღამით დრონებით განხორციელებული იერიშების შედეგად ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე კიევის ოლქში, ბილა-ცერკვის რაიონში მდებარე ენერგეტიკული ობიექტები იყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სამი რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს. დაზიანების შედეგად მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, ენერგეტიკოსები კი მომხმარებლების სარეზერვო ხაზებზე გადართვას ცდილობენ.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმებმა ელექტრომომარაგების ახალი შეფერხებები ქვეყნის შვიდ რეგიონში გამოიწვია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კიევის ოლქშია, სადაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები მოქმედებს.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად სასწრაფო დახმარებისკენ მოუწოდა.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად უკრაინაში ყველა ელექტროსადგური ამა თუ იმ ფორმით დაზიანებულია.

პრეზიდენტის თქმით, რუსული იერიშების სამიზნე ხდება ის ენერგეტიკული აღჭურვილობაც, რომელზეც უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირებაა დამოკიდებული.

ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას ტრანსფორმატორების, ელექტროკაბელების, გენერატორებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის სწრაფად მიწოდება სთხოვა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ენერგოსისტემის აღსადგენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მოწყობილობების მიღება, რომლებიც ქვეყნის ელექტროქსელთან თავსებადია.

უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. რუსეთის განმეორებითი თავდასხმების ფონზე, ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობის შენარჩუნებას.