აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი შესაძლოა, თანამდებობებიდან წავიდნენ.

სავარაუდო საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია შეერთებულ შტატებში გამართული შუალედური არჩევნებისა და ირანთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გავრცელდა. ამერიკული მედიის ცნობით, რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო შედეგებმა და სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებულმა უთანხმოებებმა ადმინისტრაციის ცალკეული მაღალჩინოსნების პოლიტიკური მომავლის შესახებ კითხვები გააჩინა.

მარკო რუბიოს შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას თავად სახელმწიფო მდივანიც გამოეხმაურა. The New York Times-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე მუშაობა თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი.

„ეს ყოველთვის ჩემი გეგმა იყო“, – აღნიშნა რუბიომ.

The Independent-ის ინფორმაციით, რუბიოს შესაძლო წასვლა შესაძლოა, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდებოდეს. თუმცა სახელმწიფო მდივანმა ამ საკითხზე გავრცელებული ცნობები უარყო და განაცხადა, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიის შესახებ საუბარს აღარ აპირებს.

ამასთან, ყურადღების ცენტრში მოექცა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის საკითხიც. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ირანთან ომის მიმდინარეობის ფონზე კონგრესში მისი იმპიჩმენტის ინიციატივა განიხილება.

ჰეგსეტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას რესპუბლიკელი კონგრესმენი თომას მასი გეგმავს. თავდაცვის მდივანმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ჰეგსეტის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი თანამდებობაზე შენარჩუნებას გეგმავს.

თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები რუბიოს გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებენ. ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციის თანახმად, ამ ეტაპზე არც სახელმწიფო მდივნისა და არც თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან წასვლა არ დასტურდება.