უკრაინა გერმანიისგან შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენით კვლავ დაინტერესებულია. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნული შეიარაღება კიევს რუსეთის იმ სამხედრო პოზიციებზე დარტყმებისთვის სჭირდება, საიდანაც უკრაინის ქალაქების მიმართულებით სარაკეტო იერიშები ხორციელდება.

ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე, უკრაინა იძულებულია, თავდაცვის ალტერნატიული შესაძლებლობები განიხილოს.

მისი შეფასებით, ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა რუსული სარაკეტო გამშვები დანადგარების განადგურებაა, რათა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების ინტენსივობა შემცირდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარია სამხედრო სამიზნეებზე და არა სამოქალაქო, ენერგეტიკულ ან სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინას Taurus-ის რაკეტების არა მხოლოდ შეკვეთა, არამედ საბრძოლო პირობებში მათი გამოცდაც სურს. მისი შეფასებით, ასეთი თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

მაგალითად, მან გერმანული IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა დაასახელა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მისი გამოყენების გამოცდილებამ მწარმოებლებს ტექნიკური ხარვეზების გამოვლენისა და სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა.

ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას საჭიროდ არ მიიჩნევს.

პისტორიუსის განცხადებით, უკრაინა საკუთარი წარმოების შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატებითა და სხვა შეიარაღებით უკვე ახერხებს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო და ლოგისტიკურ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებას.

Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მოქმედების მანძილი 500 კილომეტრს აღემატება. გერმანია უკრაინისთვის მათი მიწოდების საკითხს რამდენიმე წელია განიხილავს, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

ამავდროულად, ბერლინი უკრაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო პარტნიორად რჩება და ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით ეხმარება.