უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, დასახლება კამიშევახაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 53-ს მიაღწია. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მიხაილო სემიკინის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თავდასხმის ადგილზე უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დასახლებაზე იერიში 2 ნოემბერს მიიტანეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, სამიზნეებს შორის აღმოჩნდა სკოლის შენობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაცემად გამოიყენებოდა.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, თავდაპირველი დარტყმის შემდეგ რუსეთის ძალებმა იმავე ტერიტორიაზე განმეორებითი იერიშიც განახორციელეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სკოლის შენობა და თავშესაფარი, სადაც მოქალაქეები უსაფრთხოების მიზნით იმყოფებოდნენ.
დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე ორი მაშველი და ოთხი პოლიციელი, რომლებიც თავდასხმის ადგილზე სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია რთულ პირობებში მიმდინარეობს. სამუშაოებს დამატებით ართულებს რუსეთის მხრიდან განმეორებითი დარტყმების საფრთხე.
2 ნოემბრის თავდასხმას გაეროს ჰუმანიტარული კოორდინატორიც გამოეხმაურა და დაგმო ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილზე განხორციელებული იერიშები. ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამაშველო სამსახურების თანამშრომელთა დაცვის აუცილებლობას.