ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სამგზავრო თვითმფრინავებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებების სერია დაფიქსირდა. ინციდენტებმა ავიარეისების გადამისამართება, უსაფრთხოების დამატებითი შემოწმებები და ფრენების შეფერხება გამოიწვია.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის, Eurocontrol-ის მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, 5 ნოემბერს ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება 14 ავიარეისზე შევიდა, ხოლო 3 ნოემბერს ანალოგიური შემთხვევა შვიდ რეისზე დაფიქსირდა.

უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, რამდენიმე თვითმფრინავი ალტერნატიულ აეროპორტში დაეშვა, ნაწილს კი სამხედრო ავიაცია ახლდა.

ინციდენტები დაფიქსირდა პოლონეთში, ჩეხეთში, რუმინეთში, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ზოგიერთ აეროპორტში დროებით შეფერხდა ფრენები, ხოლო მგზავრებს თვითმფრინავების დატოვება და დამატებითი უსაფრთხოების შემოწმების გავლა მოუწიათ.

Eurocontrol-ი ავიაკომპანიებსა და აეროპორტებთან თანამშრომლობით ვითარებას აკვირდება, რათა მსგავსი შემთხვევებით გამოწვეული შეფერხებები მინიმუმამდე შემცირდეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგად, ასაფეთქებელი მოწყობილობები არცერთ დაზარალებულ რეისზე არ აღმოჩენილა.

ევროკომისია წევრ სახელმწიფოებს ინციდენტების გამოძიებისა და შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისკენ მოუწოდებს.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ დგას ცრუ შეტყობინებების უკან და უკავშირდება თუ არა სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევები ერთმანეთს.