ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე ევროპამ საკუთარი მოთხოვნები უნდა წარადგინოს და ერთიანი პოზიცია შეინარჩუნოს.

ამის შესახებ კალასმა ლისაბონში, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პაულუ რანჟელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, რუსეთი მოლაპარაკებების პროცესში მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს და უკრაინაზე ზეწოლას ცდილობს. კალასის განცხადებით, მოლაპარაკებების მაგიდასთან ბალანსის შესანარჩუნებლად ევროპულ მხარესაც მკაფიო მოთხოვნები უნდა ჰქონდეს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად უკვე მომზადებულია რუსეთის მიმართ ევროპული მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველი უნდა გახდეს.

კალასის თქმით, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია არა მხოლოდ მიმდინარე ომის დასრულება, არამედ ისეთი პირობების შექმნაც, რომლებიც მომავალში ახალი სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

მან ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის მონაწილეობის მნიშვნელობაზეც. კალასის განმარტებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და გაყინული რუსული აქტივების საკითხებზე გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოები იღებენ. შესაბამისად, მისი შეფასებით, ამ საკითხების გადაწყვეტა ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.

კალასმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უკრაინის საკითხზე შეთანხმებული პოზიცია შეინარჩუნონ. მისი განცხადებით, განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

ევროპული პოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაულუ რანჟელმაც.

რანჟელის განცხადებით, ევროკავშირს სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მკაფიო და შეთანხმებული პოზიცია უნდა ჰქონდეს. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმების პროცესში უკრაინის მონაწილეობა აუცილებელია.

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირი უკრაინის შემდგომ აღდგენაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რის გამოც ევროპასთან დაკავშირებული საკითხები მისი მონაწილეობის გარეშე არ უნდა გადაწყდეს.